1 .
მერე დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
2 .
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
3 .
"გაგზავნე კაცები და ფარულად დაათვალიერონ ქანაანის ქვეყანა, ისრაელის ძეთ რომ ვაძლევ; თითო კაცი ყოველი ტომიდან, მამისსახლთა მთავარნი წარგზავნე.
4 .
და წარგზავნა ისინი მოსემ უფლის ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან; ყოველი წარგზავნილი ისრაელიანთა მთავართაგანნი იყო.
5 .
აი, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან - შამუაყი, ზაქურის ძე.
6 .
სიმონის ტომიდან - შაფატი, ხორის ძე.
7 .
იუდას ტომიდან - ხალები, იეფუნეს ძე.
8 .
ისაქარის ტომიდან - იგალი, იოსების ძე.
9 .
ეფრემის ტომიდან - ჰოსია, ნავეს ძე.
10 .
ბენიამინის ტომიდან - ფალტი, რაფუს ძე.
11 .
ზებულონის ტომიდან - გადიელი, სოდის ძე.
12 .
იოსების ტომიდან - გადი, სუსის ძე, მენაშეს მხრიდან.
13 .
დანის ტომიდან - ყამიელი, გემალის ძე.
14 .
აშერის ტომიდან - სეთური, მიქაელის ძე.
15 .
ნაფთალის ტომიდან - ნახბი, ვოფსის ძე.
16 .
გადის ტომიდან - გეუელი, მაქის ძე.
17 .
ესენია მოსეს მიერ ქვეყნის დასაზვერად წარგზავნილი კაცების სახელები; ჰოსია ნავეს ძეს კი იეშუა უწოდა მოსემ.
18 .
წარგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: "ნეგებისკენ წადით და მთაზე ადით;
19 .
ნახეთ ქვეყანა, როგორია იგი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი;
20 .
და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
21 .
და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი, იზრდება ხე თუ არა, იყავით გაბედულნი და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფები”. ყურძნის მწიფობის დრო იდგა მაშინ.
22 .
ავიდნენ და ფარულად დაათვალიერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე.
23 .
წავიდნენ ნეგებისკენ და ხებრონამდე მივიდნენ; და სახლობდნენ იქ ყენაკის ძენი: ახიმანი, შეშაი და თალმაი. შვიდი წლით ადრე აშენდა ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე.
24 .
მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი.
25 .
და უწოდეს იმ ადგილს ნახალ-ეშქოლი - მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს.
26 .
დაბრუნდნენ, ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ.
27 .
წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
28 .
უამბეს და უთხრეს: "მივედით იმ ქვეყანაში, სადაც მიგვავლინე, ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი: აი, მისი ნაყოფები.
29 .
მაგრამ ძლიერია ხალხი იმ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, ქალაქები ფრიად დიდია და გამაგრებული; ყენაკის ძენიც ვნახეთ იქ.
30 .
ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ”.
31 .
გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: "წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა”.
32 .
მაგრამ კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: "ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი”.
33 .
ბოროტად ილაპარაკეს ისრაელიანთა შორის ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს: ქვეყანა, რომელიც დავზვერეთ, მშთანთქმელიაო თავისი მკვიდრებისა; მთელი ხალხი კი, იქ რომ ვნახეთ - ახოვანი.
34 .
ვიხილეთ იქ ბუმბერაზებიც, ყენაკის ძენი - ბუმბერაზთა მოდგმისგან; კალიებივით ვჩანდით ჩვენს თვალში და ამ თვალით გვიყურებდნენო ისინი”.