1 .
ადგა და იქიდან იუდეაში, იორდანეს გაღმა მივიდა. მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2 .
მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: "ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”
3 .
მან მიუგო და ჰკითხა: "რა დაგიწესათ მოსემ?”
4 .
უთხრეს: "მოსემ დაგვრთო ნება დავწეროთ გაყრილობის წიგნი და გავუშვათ”.
5 .
უთხრა მათ იესომ: "თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.
6 .
მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7 .
ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკვრება თავის ცოლს.
8 .
და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9 .
ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”.
10 .
სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11 .
უთხრა: "ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.
12 .
თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
13 .
და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14 .
ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: "გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
15 .
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.
16 .
მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
17 .
გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
18 .
ხოლო იესომ უთხრა: "რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
19 .
იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.
20 .
მან მიუგო: "მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”
21 .
იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: "ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 .
მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23 .
იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: "რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
24 .
მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: "შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25 .
აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 .
იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: "ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
27 .
შეხედა მათ იესომ და თქვა: "ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია”.
28 .
დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”.
29 .
უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,
30 .
და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31 .
მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი - პირველი”.
32 .
იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას:
33 .
"აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34 .
შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.
35 .
მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე, და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”.
36 .
ჰკითხა: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
37 .
მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.
38 .
იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
39 .
უთხრეს: "შეგვიძლია”. იესომ მიუგო: "სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
40 .
მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემგან არ არის, არამედ, ვისთვისაც გამზადებულია”.
41 .
ეს რომ ათმა გაიგო, დრტვინვა იწყეს იაკობსა და იოანეზე.
42 .
იესომ მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43 .
თქვენ შორის კი ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი.
44 .
და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45 .
რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
46 .
მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47 .
როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48 .
ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
49 .
შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50 .
გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51 .
იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52 .
იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.