1 .
რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი - კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.
2 .
ამიტომაც ვოხრავთ, და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას,
3 .
მისით შემოსილნი კი, შიშვლები აღარ აღმოვჩნდებით.
4 .
რადგან ვიდრე ამ კარავში ვიმყოფებით, ტვირთქვეშ ვართ და ვოხრავთ, ვინაიდან გახდა კი არ გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით.
5 .
სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად.
6 .
ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ; და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ დამკვიდრებულნი, განშორებულნი ვართ უფლისგან,
7 .
ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
8 .
თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ.
9 .
ამიტომ ვცდილობთ კიდეც - აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ.
10 .
ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კეთილს თუ ბოროტს.
11 .
და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შევაგონებთ, ჩვენ კი გაცხადებულნი ვართ ღმერთისთვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც ვართ გაცხადებულნი;
12 .
ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იკვეხნიდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც გარეგანით იკვეხნის და არა შინაგანით.
13 .
ვინაიდან, თუ უგუნურნი ვართ - ღვთისთვის, ხოლო თუ გონიერნი - თქვენთვის.
14 .
რადგან ქრისტეს სიყვარულით ვართ გარემოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.
15 .
ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
16 .
ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად; და თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ.
17 .
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია.
18 .
ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგვცა შერიგების მსახურება.
19 .
იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა.
20 .
ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.
21 .
ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.