1 .
პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღვთის ნებით, და ძმა ტიმოთე - ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმინდანთან ერთად:
2 .
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
3 .
კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
4 .
ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.
5 .
რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი გვაქვს უხვად, ასევე უხვად გვაქვს ქრისტეს მიერ ნუგეშიც.
6 .
და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისა და ხსნისთვისაა, ხოლო თუ ნუგეშცემულნი ვართ, ისევ თქვენს გასამხნევებლად, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით.
7 .
ამიტომაა მტკიცე ჩვენი იმედი თქვენ მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ჩვენი ტანჯვების თანამოზიარენი ხართ, ასევე ნუგეშისაც.
8 .
რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადაგვხდა, რომ ჩვენს შეძლებაზე მეტად დაგვიმძიმდა, ისე, რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა.
9 .
მაგრამ ჩვენშივე გვქონდა სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს,
10 .
რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისგან და ახლაც გვიხსნის; და იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დაგვიხსნის.
11 .
რაშიც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა უამრავმა ადამიანმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის და იმ მადლისთვის, რაც მრავალთა შუამდგომლობით მოგვენიჭა.
12 .
აი, რა არის ჩვენი სიქადული: ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით ვიქცეოდით წუთისოფელში. განსაკუთრებით თქვენთან, არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღვთის მადლით.
13 .
რადგან სხვა რამეს კი არ გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ და ხვდებით, და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიხვდებით.
14 .
ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე მიხვდით, რომ ჩვენ თქვენი სიქადულის მიზეზი ვართ, ისევე როგორც თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს.
15 .
ამაში დარწმუნებულმა განვიზრახე თქვენთან მოსვლა, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;
16 .
თქვენგან მაკედონიას მივაშურებდი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ დავბრუნდებოდი თქვენთან, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ.
17 .
ხომ არ ვიჩქარე ჩემს გადაწყვეტილებაში? ანდა, რაც განვიზრახე, ხორციელად ხომ არ განვიზრახე, ისე, რომ ერთდროულად ‘ჰო, ჰოც’ მაქვს და - ‘არა, არაც’?
18 .
მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენ მიმართ არ ყოფილა ‘ჰო’ და ‘არა’,
19 .
ვინაიდან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო ‘ჰო’ და ‘არა’, არამედ ყოველთვის ‘ჰო’ იყო მასში,
20 .
რადგან ღვთის ყველა აღთქმა მასში არის ‘ჰო’ და მისით ითქმის ჩვენს მიერ ‘ამინ’, ღმერთის სადიდებლად.
21 .
ხოლო ის, ვინც თქვენთან ერთად გვაფუძნებს ქრისტეში და გვცხო, ღმერთია,
22 .
რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.
23 .
ღმერთს მოვუხმობ ჩემს მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და ამიტომ არ მოვდიოდი კორინთოში.
24 .
არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ იმიტომ, რომ თანაშემწენი ვართ თქვენი სიხარულისა, რადგან მტკიცენი ხართ რწმენაში.