1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
2 . რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
3 . მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
4 . ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
5 . მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
6 . და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
7 . დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
8 . მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
9 . რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
10 . კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
11 . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.
12 . ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
13 . უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
14 . მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.
15 . მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
16 . მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
17 . რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
18 . იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
19 . არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
20 . რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან.
21 . ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
22 . რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
23 . უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
24 . კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
25 . ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი.
26 . ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.
27 . ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.
28 . რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
29 . მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
30 . წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
31 . რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
32 . ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
33 . უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
34 . მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
35 . მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
36 . მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ ვპოულობ.
37 . დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
38 . ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
39 . ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.
40 . და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.
1 . მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ.
2 . ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი.
3 . ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან.
4 . ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით.
5 . ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლიმა, და დაეძინათ.
6 . შუაღამისას დაიძახეს: აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!
7 . წამოდგნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები.
8 . სთხოვეს გონიერებს უგუნურებმა: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, რადგან გვიქრება ლამპრები.
9 . გონიერებმა კი მიუგეს პასუხად: ჩვენც და თქვენც რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭრებთან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთო.
10 . ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა.
11 . მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
12 . ხოლო მან მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ!
13 . ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა”.
14 . "ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა.
15 . ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი; თითოეულს მისი შეძლების მიხედვით, და წავიდა.
16 . ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, იშრომა და დამატებით ხუთი მოიგო.
17 . ორის მიმღებმაც ორი სხვა მოიგო.
18 . ხოლო ერთის მიმღები, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
19 . კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.
20 . მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა სხვა ხუთი ტალანტიც მოვიგე.
21 . უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.
22 . მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტიც მოვიგე.
23 . უთხრა მას ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში.
24 . მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ მკაცრი კაცი ხარ - იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.
25 . შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.
26 . მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია;
27 . ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლითურთ მივიღებდი ჩემსას.
28 . ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.
29 . ვინაიდან ყოველ მქონებელს მიეცემა და ჭარბად ექნება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
30 . ეს უსარგებლო მონა კი გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
31 . ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32 . შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან.
33 . დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი - თავის მარცხნივ.
34 . მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო.
35 . ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;
36 . შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.
37 . მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
38 . როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
39 . როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?
40 . მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.
41 . მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.
42 . ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით;
43 . უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი, და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ.
44 . მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?
45 . მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არც ერთს ამ მცირეთაგანს არაფერი გაუკეთეთ - არც მე გამიკეთეთ!
46 . და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში”.
1 . პასექამდე ექვსი დღით ადრე, ბეთანიაში მივიდა იესო, სადაც იყო ლაზარე, მკვდრეთით რომ აღადგინა.
2 . ვახშამი მოუმზადეს. მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.
3 . მარიამმა ერთი ლიტრი სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი აიღო, ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა; ნელსაცხებლის სურნელით აივსო სახლი.
4 . იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
5 . "რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?”
6 . ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც შიგ ყრიდნენ, ის იღებდა.
7 . იესომ უთხრა: "დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის შემოინახა ეს.
8 . რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთან გეყოლებათ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით”.
9 . იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ის იქ იყო და მივიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მკვდრეთით აღადგინა მან.
10 . მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს,
11 . რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩამოშორდა მათ და ერწმუნა იესოს.
12 . მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იერუსალიმში მიდიოდა იესო.
13 . აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”
14 . იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
15 . "ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”.
16 . მისი მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ, როცა განდიდდა იესო, მაშინ გაიხსენეს და მიხვდნენ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.
17 . და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.
18 . ამიტომ შეეგება ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.
19 . ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი ქვეყანა მას მიჰყვება”.
20 . დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
21 . მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: "ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”.
22 . ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა; ამის შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ იესოს უთხრეს.
23 . იესომ მიუგო და უთხრა მათ: "დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
25 . ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
26 . ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.
27 . ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
28 . მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: "განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.
29 . იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო.
30 . მიუგო იესომ და უთხრა: "ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
31 . ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა და ახლა განიდევნება გარეთ ამ ქვეყნიერების მთავარი.
32 . და როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ”.
33 . ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
34 . უთხრა ხალხმა: "რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”
35 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
36 . სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.
37 . ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი,
38 . რათა ასრულებულიყო წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვა, რომელმაც თქვა: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?”
39 . ისიც თქვა ესაიამ, რა მიზეზით არ შეეძლოთ ერწმუნათ:
40 . "თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.
41 . ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ
42 . ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ.
43 . რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
44 . იესომ შესძახა და თქვა: "ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,
45 . და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
46 . მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში.
47 . თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი.
48 . ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
49 . რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
50 . და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ”.
1 . "ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ.
2 . სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან.
3 . ასე მოგექცევიან, რადგან ვერც მამა იცნეს, ვერც მე.
4 . ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა დრო დადგება, გაიხსენოთ, რომ გითხარით. თავიდანვე არ მითქვამს, რადგან თქვენთან ვიყავი.
5 . ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ, მაგრამ თქვენგან არავინ მეკითხება, სად მიდიხარო.
6 . თუმცა გული დაგიმწუხრდათ, ეს რომ გითხარით.
7 . მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.
8 . და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო.
9 . ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს;
10 . სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ;
11 . სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდებულია.
12 . კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.
13 . მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.
14 . იგი მე განმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ.
15 . ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
16 . "ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარ”.
17 . ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: "რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარო?”
18 . ასე ლაპარაკობდნენ: რად გვითხრა, "ცოტაცო?” არ გვესმის, რას ამბობს.
19 . იესო მიხვდა, რომ შეკითხვა უნდოდათ; და უთხრა: "ერთმანეთს ამაზე ეკითხებით, რომ გითხარით: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ?
20 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, იტირებთ და ივალალებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.
21 . დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.
22 . ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”.
23 . "იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ.
24 . ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
25 . ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ დგება ჟამი, როცა იგავებით კი აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.
26 . იმ დღეს, ჩემი სახელით შესთხოვთ; და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის.
27 . ვინაიდან თვითონ მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმერთისგან გამოვედი.
28 . მამისგან გამოვედი და წუთისოფელში მოვედი. ახლა კვლავ ვტოვებ წუთისოფელს და მამასთან მივდივარ”.
29 . მოწაფეებმა უთხრეს: "აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.
30 . ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და მანამდე იცი, სანამ გკითხავენ რამეს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი”.
31 . მიუგო მათ იესომ: "ახლა გწამთ?
32 . აჰა, დგება ჟამი, და დადგა კიდეც, როცა ყველანი გაიფანტებით, თითოეული საკუთარ სახლში, და მარტო დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამაა ჩემთან.
33 . ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".
1 . აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური,
2 . რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდანებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც თქვენთან დაჭირდება, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.
3 . მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში,
4 . რომელთაც თავი დასდეს ჩემი სიცოცხლისთვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ყველა ეკლესია და მათი საშინაო ეკლესიაც.
5 . მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის.
6 . მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის.
7 . მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომლებიც განთქმულნი არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინაც იყვნენ ქრისტეში.
8 . მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი უფალში.
9 . მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი.
10 . მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული.
11 . მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი; მოიკითხეთ ნარკისუსის სახლეულნი, უფალში მყოფნი.
12 . მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში.
13 . მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი.
14 . მოიკითხეთ ასვინკრიტესი, ფლეგონი, ერმესი, პატრობასი, ჰერმასი, და მათთან მყოფი ძმები.
15 . მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან მყოფი ყველა წმიდა.
16 . მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ქრისტეს ყველა ეკლესია.
17 . გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ;
18 . ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს.
19 . რადგან ყველასათვის ცნობილია თქვენი მორჩილება, ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის.
20 . ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!
21 . მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.
22 . მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი.
23 . მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კუარტოსი.
24 . ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ!
25 . ხოლო - მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან,
26 . ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას -
27 . ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
1 . ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
2 . რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს,
3 . ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;
4 . რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.
5 . ვინაიდან ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია ღმერთს მომავალი მსოფლიო, რომელზეც ვლაპარაკობთ.
6 . სადღაც ვიღაცამ დაამოწმა და თქვა: "რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ანდა ძე კაცისა, რომ მოინახულებ ხოლმე მას?
7 . ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე; დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე.
8 . და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე”. ხოლო, რაკი ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს;
9 . მაგრამ ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო.
10 . ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.
11 . რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ;
12 . ამბობს რა: "ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ”.
13 . და კიდევ: "მივენდობი მას”. და კიდევ: "აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა”.
14 . რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი;
15 . და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.
16 . ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს.
17 . ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.
18 . რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.