1 .
მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.
2 .
იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა.
3 .
მიუახლოვდა მაცდური და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ პურებად იქცნენ ეს ქვები”.
4 .
იესომ მიუგო პასუხად: "დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.
5 .
მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.
6 .
უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი”.
7 .
იესომ უპასუხა: "ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”.
8 .
ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება.
9 .
უთხრა: "ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ”.
10 .
იესომ კი უპასუხა: "განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
11 .
მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა. და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურნენ მას.
12 .
ესმა რა იესოს, რომ შეიპყრეს იოანე, გალილეას გაემართა.
13 .
მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულონისა და ნაფთალის საზღვრებში.
14 .
რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
15 .
"ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა,
16 .
ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”.
17 .
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.
18 .
გალილეის ზღვის ნაპირს რომ მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი - პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ.
19 .
უთხრა მათ: "გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
20 .
მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
21 .
იქიდან მიმავალმა დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ, და მოუხმო მათ.
22 .
მათაც მყისვე მიატოვეს ნავიც, მამაც და გაჰყვნენ მას.
23 .
დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.
24 .
და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.
25 .
დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.