1 . სარაის, აბრამის ცოლს, შვილები არ უშვია; და ჰყავდა მას ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი.
2 . უთხრა სარაიმ აბრამს: "შვილები არ მომცა უფალმა. ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინძლო გავშვილიანდე მისგან”. და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
3 . სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი მისცა ცოლად თავის ქმარს.
4 . შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
5 . უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.
6 . უთხრა აბრამმა სარაის: "აგერ არის ეს მხევალი, შენს ხელთაა იგი და როგორც გენებოს, ისე მოექეცი”. და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ, ის კი გაექცა მას.
7 . და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, აშურის გზაზე, ჭასთან.
8 . ჰკითხა: "ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?” უპასუხა: "სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ”.
9 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე”.
10 . კვლავ უთხრა უფლის ანგელოზმა: "გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ დაითვლება იგი სიმრავლის გამო”.
11 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "ორსულად ხარ, ვაჟს შობ და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას.
12 . ველური კაცი იქნება იგი. მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი - მის წინააღმდეგ. თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი”.
13 . და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, "ელ როი” - "უფალი, რომელიც ხედავს!” და თქვა: "აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს”.
14 . ამიტომ შეარქვა ჭას "ბეერ ლაჰაი როი” - მხილველის ჭა. იგი კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს.
15 . და უშვა აბრამს ჰაგარმა ძე. აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი დაარქვა.
16 . ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ჰაგარმა ისმაელი უშვა.
1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი; პირმშო იყო იგი, მაგრამ შებილწა თავისი მამის სარეცელი და მისი პირმშოობა ისრაელის ძის, იოსების ძეთ გადაეცა, ამიტომ პირმშოდ ვეღარ ჩაიწერებოდნენ.
2 . გაძლიერდა იუდა თავის ძმათა შორის და წინამძღვარიც მისგან იყო; პირმშოობა კი იოსებმა მიიღო.
3 . რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოხი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
4 . იოელის ძენი: შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი,
5 . მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი,
6 . მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი.
7 . მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და მისი საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: მთავარი იეყიელი, ზაქარია,
8 . და ბელაყი, ყაზაზის ძე, შემაყის ძე, იოელის ძე. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.
9 . აღმოსავლეთით დასახლდა, მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან გაუმრავლდათ საქონელი გილყადის ქვეყანაში.
10 . ეომებოდნენ აგარელებს საულის დღეებში და დაეცნენ კიდეც მათი ხელით. და დაისაკუთრეს მათი კარვები, გილყადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
11 . გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში - სალქამდე:
12 . მთავარი იოელი, მეორე შაფამი, შემდეგ იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.
13 . მათი ძმები, თავ-თავისი მამების სახლეულებით: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაქყანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა.
14 . ესენი არიან ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახაის ძისა, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა და ბუზის ძისა;
15 . ახი, ყაბდიელის ძე, გუნის ძე, მათი მამისსახლის თავკაცი.
16 . ცხოვრობდნენ გილყადში, ბაშანსა და მის ქალაქებში, ასევე შარონის მთელ საძოვრებზე, მთელ მის საზღვრებში.
17 . ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამისა და ისრაელის მეფის, იერობყამის დღეებში.
18 . რეუბენის ძენი, გადელები და მენაშეს ნახევარი ტომი მამაცი კაცები იყვნენ, ფარ-შუბის ამღებნი, მშვილდოსანნი, ომებში დახელოვნებულნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცი გადიოდა საომრად.
19 . ეომებოდნენ აგარელებს, იეტურს, ნაფიშს და ნოდაბს.
20 . მიეხმარნენ ბრძოლაში და ხელში ჩაუვარდათ აგარელები და ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ეს იმიტომ, რომ ბრძოლაში ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა, რაკი მიენდნენ მას.
21 . წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათი ათასი ცხვარი, ორი ათასი სახედარი და ასი ათასი ტყვე,
22 . მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღმერთისგან იყო ეს ომი. და დასახლდნენ ისინი მათ ადგილზე, სანამ გადაასახლებდნენ ტყვეობაში.
23 . მენაშეს ძეთა ნახევარი ტომიც დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, ბაშანიდან მოყოლებული ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
24 . ესენი იყვნენ მათი მამისსახლთა თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები.
25 . უღალატეს თავისი მამების ღმერთს და იმრუშეს იმ ქვეყნის ხალხთა ღმერთების კვალობაზე, ღმერთმა რომ მოსპო მათგან.
26 . მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გადაასახლა რეუბენიანნი, გადელნი და მენაშეს ნახევარი ტომი და მიიყვანა ისინი ხელახში, ხაბორსა და ჰარაში, მდინარე გოზანთან, ამ დღემდე.
27 . ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
28 . კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
29 . ყამრამის ძენი: აჰარონი, მოსე და მირიამი; აჰარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
30 . ელეაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი.
31 . აბიშუაყმა შვა ბუკი და ბუკიმ შვა ყუზი,
32 . ყუზიმ შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი,
33 . მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი,
34 . ახიტუბმა შვა ცადოკი და ცადოკმა შვა ახიმაყაცი,
35 . ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი,
36 . იოხანანმა შვა ყაზარია, - ეს იმ ტაძრის მღვდელი იყო, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში.
37 . ყაზარიამ შვა ამარია და ამარიამ შვა ახიტუბი,
38 . ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
39 . შალუმმა შვა ხილკია და ხილკიამ შვა ყაზარია,
40 . ყაზარიამ შვა სერაია და სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
41 . გადასახლებულ იქნა იეჰოცადაკი, როცა უფალმა ტყვედ წაასხა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით.
1 . ესენი არიან ისრაელის შვილები, მათი რიცხვის მიხედვით, მამისსახლთა მთავრები, ათასისთავები, ასისთავები და მათი სარდლები, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ რაზმების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული რაზმი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.
2 . პირველ რაზმს პირველ თვეში იაშაბყამ ზაბდიელის ძე მეთაურობდა; მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
3 . ფერეცის ძეთაგანი იყო იგი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური.
4 . მეორე თვეს რაზმს დოდა ახოხიელი მეთაურობდა; მასთან მიკლოთი იყო მთავარი და მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
5 . მესამე თვის მესამე მხედართმთავარი ბენაიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ძე იყო. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
6 . ეს ბენაიაჰუ, ოცდაათ მებრძოლთაგანი იყო და მათ მეთაურობდა; მისი ძე ყამიზაბადიც მის რაზმში ირიცხებოდა.
7 . მეოთხე თვეში ყასაელი იყო მეოთხე, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია; მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
8 . მეხუთე თვეში, შამუთ იზრახელი იყო მეხუთე მეთაური. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
9 . მეექვსე თვეში ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი იყო მეექვსე. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
10 . მეშვიდე თვეში ხელეც ფელონელი იყო მეშვიდე, ეფრემის ძეთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
11 . მერვე თვეში სიბექაი ხუშათელი იყო მერვე, ზარხელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
12 . მეცხრე თვეში აბიყეზერ ყანეთოთელი იყო მეცხრე, ბენიამინელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
13 . მეათე - მეათე თვეში, მაჰარაი ნეტოფელი, ზერახის ნაშიერი; მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
14 . მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
15 . მეთორმეტე თვეში ხელდაი ნეტოფათელი იყო მეთორმეტე, ყათნიელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
16 . ისრაელის ტომებს მეთაურობდნენ: რეუბენიანთა მთავარი - ელიეზერ ზიქრის ძე; სიმონიანთა - შეფატიაჰუ, მაყაქას ძე.
17 . ლევიანებისა - ხაშაბია, კემუელის ძე; აჰარონისა - ცადოკი;
18 . იუდასი - ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა - ყომრი, მიქაელის ძე;
19 . ზებულონისა - იშმაყიაჰუ, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა - იერიმოთ ყაზრიელის ძე.
20 . ეფრემის ძეთა - ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე, მენაშეს ნახევარტომისა - იოელ ფედიაჰუს ძე;
21 . მენაშეს ნახევარტომისა, გილყადში - ყიდო ზაქარიას ძე; ბენიამინისა - იაყასიელ აბნერის ძე;
22 . დანისა - ყაზარელ იეროხამის ძე; ესენი არიან ისრაელის ტომების მთავრები.
23 . ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, რადგან თქვა უფალმა, რომ ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა ისრაელს.
24 . იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ ვერ დაასრულა იმის გამო, რომ უფლის რისხვა დაატყდა ისრაელს. ეს აღწერა მეფე დავითის მატიანის აღრიცხვაში არ შესულა.
25 . მეფის საგანძურზე ყაზმავეთ ყადიელის ძე იყო; ხოლო იმ საგანძურზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში, სოფლებსა და ციხე-სიმაგრეებში იყო - იეჰონათან ყუზიაჰუს ძე;
26 . მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ - ყეზრი, ქელუბის ძე.
27 . ვენახებზე - შიმყი რამათელი; ყურძნისა და ღვინის მარაგზე - ზაბდი შიფმელი.
28 . ზეთისხილისა და ლეღვის ხეებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე - იოყაში.
29 . შარონში მდგომ ნახირს შიტრაი შარონელი ზედამხედველობდა, ნახირს - ხეობებში, შაფატ ყადლაის ძე.
30 . აქლემებს - იობილი, ისმაელიანი, სახედრებს - იეხდეიაჰუ მერონოთელი.
31 . ცხვარს - იაზიზ ჰაგერელი. ყველა ესენი მეფე დავითის ქონების განმგებლები იყვნენ.
32 . იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელი, ხაქმონის ძე, მეფისწულებთან იყო.
33 . ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქელი კი მეფის მეგობარი.
34 . ახითოფელის შემდეგ იყვნენ: იეჰოიადაყ ბენაიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის ჯარის სარდალი იოაბი იყო.
1 . ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია.
2 . არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
3 . ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.
4 . და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.
5 . რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.
6 . და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: "აბბა, მამაო!”
7 . ამიტომ, უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ.
8 . თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
9 . ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
10 . დღეებს აკვირდებით და თვეებს, ჟამსა და წელიწადებს.
11 . ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
12 . გახდით ჩემნაირნი, როგორც მე - თქვენნაირი, ძმებო გევედრებით, ცუდად არაფერში მომქცევიხართ.
13 . იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ პირველად.
14 . და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
15 . სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვამოწმებ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
16 . მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
17 . სასიკეთოდ როდი არიან თქვენთვის მოშურნენი, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა მათთვის გქონდეთ მოშურნეობა.
18 . კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
19 . ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.
20 . ვისურვებდი თქვენთან ყოფნას და კილოს შეცვალას, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენ გამო.
21 . მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
22 . ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მხევლისგან, მეორე კი - თავისუფლისგან.
23 . მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.
24 . ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.
25 . ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
26 . ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა.
27 . რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”.
28 . და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.
29 . მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.
30 . თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”
31 . ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!