1 . მივიდნენ ლევის ტომის მამისსახლთა მთავარნი ელეაზარ მღვდელთან, იეშუა ნავეს ძესთან და ისრაელიანთა ტომების მთავრებთან,
2 . და ასე უთხრეს მათ ქანაანის შილოში: "ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, რომ მოგვცემოდა საცხოვრებლად ქალაქები და მათი საძოვრები - ჩვენი საქონლისთვის”.
3 . და მისცეს ისრაელის ძეებმა უფლის ბრძანებისამებრ ლევიანებს საკუთარი სამკვიდრებლიდან ეს ქალაქები თავისი საძოვრებით.
4 . და ერგოთ წილი კეჰათის საგვარეულოებს; სულ ცამეტი ქალაქი შეხვდათ აჰარონის, ლევიანი მღვდლის ძეებს - იუდას, სიმონისა და ბენიამინის ტომიდან წილისყრით.
5 . კეჰათის დანარჩენ ძეებს კი ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით - ეფრემის, დანისა და მენაშეს ნახევარი ტომის საგვარეულოებიდან.
6 . გერშონის ძეებს ბაშანში: ისაქარისა და აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ნახევარი ტომის საგვარეულოებიდან წილისყრით - ცამეტი ქალაქი.
7 . მერარის ძეებს - თორმეტი ქალაქი, რეუბენის, გადისა და ზებულონის ტომიდან მათი საგვარეულოებისამებრ.
8 . ეს ქალაქები მისცეს თავის საძოვრებიანად ისრაელის ძეებმა ლევიანებს წილისყრით, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.
9 . და მისცეს იუდასა და სიმონის ძეთა ტომებმა ეს ქალაქები, რომლებიც სახელდებით არიან აქ ჩამოთვლილი:
10 . აჰარონის ძეებს, კეჰათიანთა საგვარეულოში, ლევიანთაგან - რამდენადაც პირველად იყარეს წილი,
11 . მისცეს კირიათ-არბაყი იგივე ხებრონი, ყენაკის მამისეული არბა ყენაკის წინაპარი იყო, თავისი საძოვრებით მის გარშემო, იუდას მთაზე.
12 . ხოლო ამ ქალაქის მინდვრები და სოფლები ხალებ იეფუნეს ძეს მისცეს.
13 . მისცეს აჰარონის ძეებს ხებრონი - მკვლელებისთვის თავშესაფარი ქალაქი თავისი საძოვრებით და ლიბნა თავისი საძოვრებით;
14 . იათირი თავისი საძოვრებით, ეშთემოაყი თავისი საძოვრებით;
15 . ხოლონი თავისი საძოვრებით, დებირი თავისი საძოვრებით;
16 . ყაინი თავისი საძოვრებით, იუტა თავისი საძოვრებით და ბეთ-შემეში თავისი საძოვრებით - ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან.
17 . ბენიამინის ტომიდან: გაბაონი და გება თავ-თავისი საძოვრებით;
18 . ყანათოთი და ალმონი თავ-თავისი საძოვრებით - სულ ოთხი ქალაქი.
19 . აჰარონის ძეების, მღვდლების ყველა ქალაქი ცამეტი იყო, თავ-თავისი საძოვრებით.
20 . დანარჩენებს კეჰათიანთა საგვარეულოებიდან, ლევიანებს კეჰათის ძეთაგან, წილისყრით ეფრემის ტომიდან ერგოთ ქალაქები.
21 . მისცეს მათ შექემი ეფრემის მთაზე - მკვლელებისთვის თავშესაფარი ქალაქი თავისი საძოვრებით, და გეზერი თავისი საძოვრებით;
22 . კიბცაიმი და ბეთხორონი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
23 . დანის ტომიდან - ელთეკე და გიბეთონი თავ-თავისი საძოვრებით;
24 . აიალონი და გათ-რიმონი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
25 . მენაშეს ნახევარტომიდან - თაყანაქი და გათ-რიმონი, თავ-თავისი საძოვრებით - ორი ქალაქი.
26 . სულ ათი ქალაქი ერგოთ თავ-თავისი საძოვრებით კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოებს.
27 . მენაშეს ნახევარ ტომიდან ქალაქი გოლანი ერგოთ გერშონის ძეებს, ლევიანთა საგვარეულოებში - მკვლელებისთვის თავშესაფარი ბაშანში, თავისი საძოვრებით და ბეყეშთერა თავისი საძოვრებით, სულ ორი ქალაქი.
28 . ისაქარის ტომიდან - კიშიონი და ბერათი თავ-თავისი საძოვრებით;
29 . იარმუთი და ყენ-განიმი თავ-თავისი საძოვრებით - ოთხი ქალაქი.
30 . აშერის ტომიდან - მიშალი და ყაბდონი თავ-თავისი საძოვრებით;
31 . ხელკათი და რეჰობი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
32 . ნაფთალის ტომიდან კედეში - მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქი გალილეაში, თავისი საძოვრებით, ხამოთ-დორი და კართანი თავ-თავისი საძოვრებით, სულ სამი ქალაქი.
33 . სულ ცამეტი ქალაქი იყო თავ-თავისი საძოვრებით, გერშონელებ-ისთვის, მათი საგვარეულოების მიხედვით.
34 . მერარის ძეთა დანარჩენი საგვარეულოებისთვის ლევიანთაგან, ზებულონის ტომიდან - იოკნეყამი და კართა თავ-თავისი საძოვრებით;
35 . დიმნა და ნაჰალალი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
36 . რეუბენის ტომიდან: ბეცერი და იაჰცა თავ-თავისი საძოვრებით;
37 . კედემოთი და მეფაყათი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
38 . გადის ტომიდან რამოთი - მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქი გილყადში, თავისი საძოვრებით და მახანაიმი თავისი საძოვრებით;
39 . ხეშბონი და იაყზერი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
40 . ლევიანთა დანარჩენი გვარებიდან, მერარის ძეთა საგვარეულოებისთვის სულ თორმეტი ქალაქი იყო მიკუთვნებული წილისყრით.
41 . სულ ორმოცდარვა ქალაქი ერგოთ თავ-თავისი საძოვრებით ლევიანებს, ისრაელის ძეთა სამფლობელოებში.
42 . ყველა ამ ქალაქს საძოვრები ჰქონდა გარშემო: ასე იყო ყველა ამ ქალაქის ირგვლივ.
43 . ასე მისცა უფალმა ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა მათ მამებს, დაიმკვიდრეს იგი და დასახლდნენ მასზე.
44 . ყოველი მხრიდან მოასვენა ისინი უფალმა, როგორც შეჰფიცა მათ მამებს; მტერთაგან ვერავინ აღუდგა წინ: ხელში ჩაუგდო ყველა მათი მტერი უფალმა.
45 . ერთი სიტყვაც კი არ გამტყუვნებულა იმ კეთილი დანაპირებიდან, რომელიც უფალს ჰქონდა ნათქვამი ისრაელის სახლეულისთვის - ყოველივე ახდა.
1 . შეიკრიბნენ ამის შემდეგ ეფრემის კაცები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: "ყამონის ძეებთან საომრად რომ მიდიოდი, ჩვენ რატომ არ დაგვიძახე? სახლკარიანად ამოგბუგავთ”.
2 . უთხრა მათ იფთახმა: "მე და ჩემს ხალხს დიდი მტრობა გვქონდა ყამონის ძეებთან, დაგიძახეთ, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
3 . როცა დავინახე, რომ არ დამიხსნიდით, გავბედე, წავედი ყამონის ძეთა წინააღმდეგ და ხელში ჩამიგდო ისინი ღმერთმა. რაღად გამოხვედით დღეს ჩემთან საომრად?”
4 . შეკრიბა იფთახმა გილყადის ყველა მკვიდრი და ბრძოლა გაუმართა ეფრემს, და მოსრეს გილყადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ: გილყადელები ეფრემის ლტოლვილნი არიანო. ეფრემსა და მენაშეს შორისააო გილყადი.
5 . და გადაუჭრეს გილყადელებმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი გზები; და როცა რომელიმე გაქცეული ეფრემელი ითხოვდა, იორდანეს გადმოვლახავო, ჰკითხავდნენ გილყადელი კაცები, შენ ხომ ეფრემიანი ხარო? თუ იუარებდა,
6 . ეტყოდნენ: "აბა თქვი "შიბოლეთ”. თუ იტყოდა "სიბოლეთ”, რადგან სხვაგვარად არ შეეძლო, მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს გადასასვლელთან. ორმოცდაორი ათასი კაცი დაეცა იმ დროს ეფრემიდან.
7 . ექვსი წელი განსჯიდა იფთახი ისრაელს; მოკვდა გილყადელი იფთახი და დამარხეს გილყადის ერთ-ერთ ქალაქში.
8 . მის შემდეგ ბეთლემელი იბცანი განსჯიდა ისრაელს.
9 . ოცდაათი ვაჟი ჰყავდა და ოცდაათი ასული. ასულები ტომის გარეთ გაათხოვა, ოცდაათი ქალი გარედან მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი განსჯიდა ისრაელს.
10 . მოკვდა იბცანი და დაიმარხა ბეთლემში.
11 . მის შემდეგ ელონ ზებულონელი განსჯიდა ისრაელს, ათ წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
12 . მოკვდა ელონ ზებულონელი და დაიმარხა იალონში, ზებულონის მიწაზე.
13 . მის შემდეგ ყაბდონი განსჯიდა ისრაელს, ფირყათონელი ჰილელის ძე.
14 . ორმოცი ძე ჰყავდა და ოცდაათი შვილიშვილი, სამოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული. რვა წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
15 . მოკვდა ყაბდონი, ფირყათონელი ჰილელის ძე და დაიმარხა ფირყათონს, ეფრემის მიწაზე, ყამალეკის მთაზე.
1 . ლევის ძენი იყვნენ: გერშომი, კეჰათი და მერარი.
2 . გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.
3 . კეჰათის ძენი იყვნენ: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
4 . მერარის ძენი: მახლი და მუში; ლევის საგვარეულონი თავ-თავისი მამის სახლებით:
5 . გერშომის ძე ლიბნი; მისი ძე იახათი, ხოლო მისი ძე ზიმა,
6 . მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
7 . კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი,
8 . მისი ძე ელკანა, მისი ძე ებიასაფი და მისი ძე ასირი,
9 . მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია და მისი ძე შაული.
10 . ელკანას შთამომავალნი: ყამასაი, ახიმოთი.
11 . ახიმოთის ძე იყო ელკანა, მისი ძენი: ცეფაია და ნახათი,
12 . მისი ძე ელიაბი; მისი ძე იეროხამი; მისი ძე ელკანა.
13 . სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია.
14 . მერარის ძენი: მახლი, ლიბნი, შიმყი და ყუზა,
15 . მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
16 . აი ისინი, ვინც მგალობლებად დაადგინა დავითმა უფლის ტაძარში, როცა კიდობანი დაასვენა იქ.
17 . მსახურობდნენ მგალობლებად, საკრებულო კარვის, სავანეს წინაშე, სანამ სოლომონი უფლის ტაძარს ააშენებდა იერუსალიმში; თავისი წესდებისამებრ დგებოდნენ მსახურებაზე.
18 . აჰა, მომსახურენი და მათი ძენი: კეჰათის ძეთაგან - ჰემან მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელის,
19 . ელკანას, იეროხამის, ელიელის, თოახის,
20 . ცუფის, ელკანას, მახათას, ყამასაის,
21 . ელკანას, იოელის, ყაზარიას, ცეფანიას,
22 . თახათის, ასირის, ებიასაფის, კორახის,
23 . იცჰარის, კეჰათის, ლევისა და ისრაელის შთამომავალი.
24 . მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ იდგა. ასაფ - ძე ბერექიაჰუ შიმყის ძისა,
25 . მიქაელის, ბაყასეიას, მალქიას,
26 . ეთნის, ზერახის, ყადაიას,
27 . ეთანის, ზიმას, შიმყის,
28 . იახათის, გერშომისა და ლევის შთამომავალი.
29 . მათ ხელმარცხნივ მერარის ძენი იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყაბდის, მალუქის,
30 . ხაშაბიას, ამაციას, ხილკიას,
31 . ამაცის, ბანის, შამერის,
32 . მახლის, მუშის, მერარისა და ლევის შთამომავალი.
33 . მათი ძმანი, ლევიანნი დაინიშნენ სავანის ყოველ მსახურებაზე, ღვთის სახლში,
34 . აჰარონი და მისი ძენი კი სრულადდასაწველისა და საკმეველის სამსხვერპლოზე აკმევდნენ, წმიდათა-წმიდაის ყოველი საქმისა და ისრაელის შენდობისათვის, როგორც ამცნო მათ მოსემ, ღვთის მსახურმა.
35 . ესენი იყვნენ აჰარონის ძენი: მისი ძე ელეაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი,
36 . მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახი,
37 . მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,
38 . მისი ძე ცადოკი და მისი ძე ახიმაყაცი.
39 . ეს არის მათი სამკვიდრებელი, რომელიც წილისყრით შეხვდა აჰარონის ძეთ, კეჰათის საგვარეულოდან.
40 . მისცეს ხებრონი თავისი საძოვრებით, იუდას ქვეყანაში.
41 . ქალაქის ყანები კი, თავისი სოფლებით, ხალებ იეფუნეს ძეს მისცეს.
42 . მისცეს აჰარონის ძეებს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი და ლიბნა, იათირი და ეშთემოა თავ-თავისი საძოვრებით,
43 . ხილენი თავისი ყანებით, ასევე დებირი თავისი ყანებით,
44 . აშანი თავისი ყანებით და ბეთშემეში თავისი ყანებით.
45 . ბენიამინის ტომიდან: გებაყი და ყალამეთი თავ-თავისი საძოვრებით, აგრეთვე ყანათოთი თავისი საძოვრებით: მათი საგვარეულოების მთელი ქალაქები, სულ ცამეტი.
46 . კეჰათის დანარჩენ ძეებს, მენაშეს ნახევარტომიდან, ათი ქალაქი მისცეს წილისყრით.
47 . გერშომის ძეებს ცამეტი ქალაქი მისცეს ბაშანში თავისი საგვარეულოების მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ტომებიდან.
48 . მერარის ძეებს წილისყრით თორმეტი ქალაქი მისცეს თავისი საგვარეულოების მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულონის ტომიდან.
49 . აი, ეს ქალაქები მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს თავ-თავისი შემოგარენით.
50 . წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ტომების ძეთ სახელდებული ქალაქები.
51 . ხოლო კეჰათის ძეთა ზოგიერთ საგვარეულოს ეფრემის ტომის ქალაქები მისცეს.
52 . მისცეს მათ თავშესაფარი ქალაქები: შექემი და მისი საძოვრები ეფრემის მთაზე და გეზერი თავისი მიწებით,
53 . იაკმეყამი და ბეთ-ხორენი თავ-თავისი საძოვრებით,
54 . აიალონი და გათ-რიმონი თავ-თავისი საძოვრებით.
55 . კეჰათის დანარჩენ ძეებს მენაშეს ნახევარტომიდან ყანერი და ბილყამი გადასცეს თავ-თავისი საძოვრებით.
56 . მენაშეს ნახევარტომის საგვარეულოებისგან გერშონის ძეებს გადასცეს გოლანი ბაშანში და აგრეთვე ყაშთაროთი თავ-თავისი საძოვრებით.
57 . ისაქარის ტომიდან - კედეში და დაბრათი თავ-თავისი საძოვრებით,
58 . რამოთი და ყანემი თავ-თავისი საძოვრებით.
59 . აშერის ტომიდან - მაშალი და ყაბდონი თავ-თავისი საძოვრებით,
60 . ხუკოკი და რეხობი თავ-თავისი საძოვრებით.
61 . ნაფთალის ტომიდან - კედეში გალილეაში, ხამონი და კირიათაიმი თავ-თავისი საძოვრებით.
62 . მერარის დანარჩენ ძეებს ზებულონის ტომიდან - რიმონი და თაბორი თავ-თავისი საძოვრებით.
63 . მისცეს რეუბენის ტომიდან იორდანეს გაღმა - აღმოსავლეთით, იერიხოს პირდაპირ, უდაბნოში მდებარე ბეცერი და იაჰცა თავ-თავისი საძოვრებით,
64 . კედემოთი და მეფაყათი თავ-თავისი საძოვრებით.
65 . გადის ტომიდან - რამოთი გილყადში თავ-თავისი საძოვრებით,
66 . ხეშბონი და იაყზერი თავ-თავისი საძოვრებით.
1 . ბენიამინმა შვა ბელა, თავისი პირმშო, აშბელი - მეორე და ახრახი - მესამე,
2 . ნოხა - მეოთხე და რაფა - მეხუთე.
3 . ძეები ჰყავდა ბელას: ადარი, გერა და აბიჰუდი,
4 . აბიშუაყი, ნაყამანი და ახოახი,
5 . გერა, შუფუფანი და ხურამი.
6 . ესენი არიან ეჰუდის ძენი, გებაყში მცხოვრებნი, მამისსახლთა თავკაცები, რომლებიც მანახათში გადაასახლეს;
7 . ნაყამანი, ახია და გერა, რომელმაც გადაასახლა ისინი; მან შვა ყუზა და ახიხუდი;
8 . შვილები შეეძინა შაქარაიმს მოაბის ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც გაუშვა ხუშიმი და ბაყარა, თავისი ცოლები.
9 . ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა იობაბი, ციბია, მეიშა და მალქამი.
10 . მისი ძენი: იეყუცი, საქია და მირმა მამისსახლთა თავკაცნი იყვნენ.
11 . ხუშიმისგან შვა აბიტუბი და ელფაყალი.
12 . ელფაყალის ძენი: ყებერი, მიშყამი და შამედი, რომელმაც ააშენა ონო და ლოდი თავისი დასახლებებით.
13 . ბერიყა და შემაყი - მამისსახლთა თავკაცები, აიალონში ცხოვრობდნენ; მათ განდევნეს გათის მკვიდრნი;
14 . ახიო, შაშაკი და იერემოთი,
15 . ზებადია, ყარადი და ყადერი;
16 . მიქაელი, იშფა და იოხა - ბერიყას ძენი იყვნენ.
17 . ზებადია, მეშულამი, ხიზკი და ხაბერი,
18 . იშმერაი, იზლია და იობაბი, ელფაყალის ძენი იყვნენ.
19 . იაკიმი, ზიქრი და ზაბდი,
20 . ელიყენაი, ცილთაი და ელიელი,
21 . ყადაია, ბერაია და შიმრათი - შიმყის ძენი იყვნენ.
22 . იშფანი, ყებერი და ელიელი,
23 . ყაბდონი, ზიქრი და ხანანი,
24 . ხანანია, ყელამი და ყანთოთია,
25 . იფდეია და ფენუელი - შაშაკის ძენი იყვნენ.
26 . შამშერაი, შეხარია და ყათალია,
27 . იაყარეშია, ელია და ზიქრი - იეროხამის ძენი იყვნენ.
28 . ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, თავ-თავის მოდგმაში; რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობდნენ.
29 . გაბაონში მკვიდრობდა გაბაონის მამამთავარი, მის ცოლს მაყაქა ერქვა.
30 . მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი,
31 . გედორი, ახიო და ზექერი;
32 . მიკლოთმა შვა შიმყა. იერუსალიმში დამკვიდრდნენ ისინი თავიანთ მოძმეთა პირდაპირ, ძმებთან ერთად.
33 . ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული და საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
34 . იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი; მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
35 . მიქას ძენი იყვნენ: ფითონი, მელექი, თარეაყი და ახაზი.
36 . ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა;
37 . მოცამ შვა ბინყა; მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი.
38 . აცელს ექვსი ძე ჰყავდა, აი მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაელი, შეყარია, ყობადია და ხანანი.
39 . მისი ძმის, ყეშეკის ძენი იყვნენ: ულამი - მისი პირმშო, იეყუში და ელიფელეტი.
40 . ძლევამოსილი ვაჟკაცები და მშვილდოსნები იყვნენ ულამის ძენი; ასორმოცდაათი შვილი და შვილიშვილი ჰყავდათ და ყველა ესენი ბენიამინის ძენი იყვნენ.
1 . აღნუსხეს მთელი ისრაელი და ჩაწერეს ისრაელის მეფეთა წიგნში. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი ორგულობის გამო.
2 . პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ - ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები და ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი ანუ ნეთინელნი.
3 . იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან:
4 . ყუთაი, ყამიჰუდის ძე, ყომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, ფერეცის - იუდას ძის, ძეთაგან.
5 . შილონელთაგან - პირმშო ყასაია და მისი ძენი.
6 . ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები, ექვსას ოთხმოცდაათნი.
7 . ბენიამინის ძეთაგან: სალუ, მეშულამის ძე, ჰოდავიას ძე, ჰასენუას ძე;
8 . იბნეია, იეროხამის ძე, ელა, ყუზის ძე, მიხრის ძე, მეშულამი, შეფატიას ძე, რეღუელის ძე, იბნიას ძე.
9 . მათი ძმები თავ-თავისი გვარ-ტომების მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველანი გვარის თავკაცები იყვნენ მამისსახლში.
10 . მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი და იაქინი,
11 . ყაზარია, ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე და ახიტუბის ძე, ღვთის სახლის მთავარი;
12 . ყადაია, იეროხამის ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე და მაყასაი ყადიელის ძე, იახზერას ძე, მეშულამის ძე, მეშილემითის ძე, იმერის ძე,
13 . მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ღვთის სახლის სამსახურში ნაცადი ათას შვიდას სამოცი კაცი.
14 . ლევიანთაგან: შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, მერარის ძეთაგან.
15 . ბაკბარი, ხერეში, გალალი, მათანია, მიქას ძე, ზიქრის ძე, ასაფის ძე.
16 . ყობადია, შემაყიას ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე და ბერექია, ასას ძე, ელკანას ძე, ნეტოფათელთა სოფლებში მცხოვრებნი.
17 . კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და მათი ძმები; შალუმი მთავარი იყო.
18 . დღემდე ისინი დგანან მეფის კარიბჭეში, აღმოსავლეთით, ისევე როგორც ლევიანთა ბანაკის კარისმცველნი.
19 . შალუმი, კორეს ძე, ებიასაფის ძე, კორახის ძე და მისი ძმები. კორახელთა მამისსახლიდან მსახურებდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკის შესასვლელს დარაჯობდნენ.
20 . ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი მმართველი იყო და უფალი იყო მასთან.
21 . ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22 . სულ ორას თორმეტი კაცი შეირჩა ზღურბლების მცველებად; ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავისი სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. დავითმა და სამუელ მხედველმა დანიშნეს ისინი მათი ერთგულების გამო.
23 . თავის ძეებთან ერთად იდგნენ უფლის სახლისა და კარვის კარიბჭის სადარაჯოდ.
24 . ოთხივე მხრიდან იდგნენ კარისმცველები: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25 . მათი ძმები თავიანთ სოფლებში ცხოვრობდნენ, რათა დრო და დრო, შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან.
26 . რადგან კარიბჭის მცველთა ის ოთხი მთავარი, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებსა და ღვთის სახლის საგანძურებს მეთვალყურეობდნენ.
27 . ისინი ღვთის სახლის გარშემო ბანაკობდნენ მთელ ღამეს, ვინაიდან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28 . ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29 . ზოგიერთ მათგანს, წმიდა ნივთები ებარა, საწმიდრის ყველა ჭურჭელი, წმიდა პურის ფქვილი, ღვინო, ზეთი, საკმეველი და სურნელებანი.
30 . ზოგიერთი მღვდლის ძენი კი სურნელებათა შემზავებლები იყვნენ.
31 . მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, პურეულის ცხობის საქმე მიენდო.
32 . ზოგიერთ მათ ძმას კეჰათიანთაგან, წინადაგების პური ჩააბარეს, რათა მოემზადებინათ შაბათობით.
33 . ესენი არიან მგალობლები, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან, რადგან დღე და ღამე გალობის საქმით იყვნენ დაკავებულნი.
34 . ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავისი გვარ-ტომის მთავარნი. იერუსალიმში ცხოვრობდნენ ისინი.
35 . გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. სახელად მაყაქა ერქვა მის ცოლს.
36 . მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, მის შემდეგ ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი,
37 . გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38 . მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების პირისპირ ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39 . ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40 . იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი, მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41 . მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თახრეაყი და ახაზი.
42 . ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა;
43 . მოცამ შვა ბინყა; მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი;
44 . აცელს ექვსი ძე ჰყავდა. მათი სახელებია: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი; ესენი იყვნენ აცელის ძენი.
1 . რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტ წელს იმეფა იერუსალიმში.
2 . იმას აკეთებდა, რაც მართებული იყო უფლის თვალში და თავისი მამის, დავითის გზით დადიოდა; არ გადაუხვია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
3 . თავისი მეფობის მერვე წელს, თუმცა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, მამამისის, დავითის ღმერთის ძიება დაიწყო; მეთორმეტე წელს კი იწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა გორაკებისა და აშერებისგან, ქანდაკებებისა და ჩამოსხმული კერპებისგან.
4 . მისი თანდასწრებით დაანგრიეს ბაყალთა სამსხვერპლოები; მათზე ამაღლებული მზის გამოსახულებები აჩეხა. მტვრად აქცია აშერები, ქანდაკებები და სვეტები, და მათი მტვერი, მათთვის შემწირავთა საფლავებზე მოაბნია.
5 . ქურუმთა ძვლები მათ სამსხვერპლოებზე დაწვა და გაწმინდა იუდა და იერუსალიმი;
6 . იგივეს აკეთებდა მენაშეს, ეფრემისა და სიმონის ქალაქებში, ნაფთალის ტომამდე და მათ ირგვლივ დასახლებებში.
7 . დაანგრია სამსხვერპლოები, გააცამტვერა აშერები და ქანდაკებები და მთელ ისრაელში მოჰკვეთა მზის გამოსახულებები და დაბრუნდა იერუსალიმში.
8 . თავის გამეფების მეთვრამეტე წელს, როცა ქვეყანა და სახლი გაწმიდა, წარგზავნა შაფან აცალიას ძე, ქალაქის თავი მაყასია და იოახ მწერალი, იოახაზის ძე, უფლის, თავისი ღმერთის სახლის გასამაგრებლად.
9 . ისინი მღვდელმთავარ ხილკიასთან მივიდნენ და ღვთის სახლში მიტანილი ფული მისცეს, რომელიც ლევიანებმა და კარიბჭის მცველებმა აკრიფეს მენაშეს, ეფრემის, სხვა ისრაელიანების, მთელი იუდასა და ბენიამინის ხელიდან და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
10 . მათ ხელოსნებსა და მათ ზედამხედველებს გადასცეს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ხელოსნებმა კი ის მის შესაკეთებლად გამოიყენეს.
11 . ხუროებსა და მშენებლებსაც მისცეს, თლილი ქვებისა და შემაერთებელი ძელების საყიდლად, რათა ის სახლები გადაეხურათ, იუდას მეფეებმა რომ დაარბიეს;
12 . კაცები საქმეს პატიოსნად აკეთებდნენ. მათი ზედამხედველები ლევიანები იყვნენ: იახათი და ობადია, მეარიას ძენი და ზაქარია და მეშულამი კოჰათელთაგან; და ყველა ლევიანი, ვინც მუსიკალურ საკრავებში იყო დახელოვნებული.
13 . მტვირთავებსაც ზედამხედველობდნენ და ყოველი სამუშაოს მკეთებლებს ხელმძღვანელობდნენ; ლევიანთაგან იყვნენ მწერლებიც, ზედამხედველნიც და კარიბჭის მცველნიც.
14 . როცა უფლის სახლში მიტანილი ფული გამოჰქონდათ, ხილკია მღვდელმა მოსეს ხელით მიცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა.
15 . უთხრა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: რჯულის წიგნი ვიპოვეო უფლის სახლში! და ეს წიგნი შაფანს მისცა ხილკიამ.
16 . მეფეს მიუტანა წიგნი შაფანმა და მოახსენა: „ყოველივე, რაც შენი მსახურების ხელს ჩაბარდა, კეთდება.
17 . გადმოყარეს ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში იპოვებოდა და სამუშაოთა ზედამხედველებსა და მომუშავეებს ხელში გადასცეს”.
18 . უთხრა მეფეს შაფან მწიგნობარმა: „წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა”. და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე.
19 . როცა მეფემ რჯულის სიტყვები მოისმინა, შემოიხია სამოსელი.
20 . უბრძანა მეფემ ხილკიას, ახიკამ შაფანის ძეს, აბდონ მიხას ძეს, შაფან მწიგნობარსა და ასაიას, მეფის მსახურს:
21 . „წადით, ჰკითხეთ უფალს ჩემზე, დანარჩენ ისრაელზე, იუდაზე და აღმოჩენილი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის გულისწყრომა, რომელიც გადმოაფრქვია ჩვენზე, რაკი არ დაიცვეს ჩვენმა მამებმა უფლის სიტყვა, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია”.
22 . ხილკია და ისინიც, რომლებიც მეფესთან იყვნენ, წავიდნენ ხულდა წინასწარმეტყველ ქალთან, თოკჰათის ძის, სამოსელთა მცველის ხასრას ვაჟის, შალუმის ცოლთან, რომელიც იერუსალიმში მკვიდრობდა და უთხრეს მას ამის შესახებ.
23 . უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით კაცს, რომელმაც ჩემთან მოგავლინათ,
24 . ასე ამბობს-თქო უფალი: მოვუვლენ ბოროტს ამ ადგილს და მის მკვიდრთ, წიგნში აღწერილ მთელ წყევლას, რომლებიც წაიკითხეს იუდას მეფის წინაშე
25 . იმისათვის, რომ მიმატოვეს, რათა სხვა ღმერთებს უკმიონ და გამომიწვიონ თავის ხელთა ნამოქმედარით; ამიტომ გადმოიღვრება ჩემი რისხვა ამ ადგილზე და აღარ დაცხრება!
26 . ასე უთხარით უფალთან შესაკითხად თქვენს წარმომგზავნელ იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმ სიტყვათა შესახებ, რომლებიც მოისმინე:
27 . რადგან გული მოგილბა და დამდაბლდი ღმერთის წინაშე, როცა მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე; დამდაბლდი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და იტირე, მეც შევისმინე შენი!
28 . აჰა, შეგძენ შენ შენს მამებს და მშვიდობით შეეძინები შენს საფლავს; არ იხილავს შენი თვალები ყველა იმ ბოროტებას, რომელსაც მოვუვლენ ამ ადგილს და მის მკვიდრთ!” - აუწყეს მეფეს ეს სიტყვა.
29 . წარგზავნა მეფემ მალემსრბოლნი და შეკრიბა იუდასა და იერუსალიმის ყოველი უხუცესი.
30 . ავიდა მეფე უფლის სახლში და იუდას ყოველი მცხოვრები, იერუსალიმის მკვიდრნი, ღვთისმსახურნი, ლევიანნი და მთელი ხალხი, უფროსიდან უმცროსამდე; და წაიკითხეს მათ გასაგონად ყველა სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში აღმოჩნდა.
31 . შედგა მეფე თავის კვარცხლბეკზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ უფალს გაჰყვებოდა და დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და წესდებებს - მთელი თავისი გულითა და გონებით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების აღსასრულებლად.
32 . აღთქმაში შეიყვანა ყოველი, იერუსალიმსა და ბენიამინის მხარეში მყოფი; და აღასრულეს იერუსალიმის მკვიდრთ უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა.
33 . ყველა სისაძაგლე განაშორა იოშიამ, რაც კი ისრაელის ძეებს გააჩნდათ მთელ ქვეყანაში; ყველა, ვინც ისრაელში იყო, უფალს, თავის ღმერთს ამსახურა. არ გადაუხვევიათ და მთელ მის სიცოცხლის დღეებში მიჰყვებოდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.