1 . მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხებს, ერებს, ენებსა და მთელ დედამიწაზე მცხოვრებთ: "მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
2 . საჭიროდ მივიჩნიე, თქვენც გაუწყოთ ის ნიშნები და სასწაულები, რომლებიც უზენაესმა ღმერთმა მოიმოქმედა ჩემზე.
3 . რარიგ დიადია მისი ნიშნები და რა ძლევამოსილია მისი სასწაულები! სამეფო მისი საუკუნო სამეფოა და უფლობა მისი - თაობიდან და თაობებზე.
4 . მე, ნაბუქოდონოსორი, ვნებივრობდი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.
5 . სიზმარი ვნახე, რომელმაც შემაძრწუნა. ფიქრებმა ჩემს სარეცელზე და ხილვებმა ჩემს თავში, ამაფორიაქეს.
6 . ვბრძანე, ბაბილონის ყველა ბრძენი მოეყვანათ ჩემ წინაშე, რომ სიზმრის განმარტება ეუწყებინათ ჩემთვის.
7 . მოვიდნენ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი; ვუამბე სიზმარი, მაგრამ ვერ ამიხსნეს მისი აზრი.
8 . სანამ, ბოლოს, დანიელი არ მოვიდა ჩემ წინაშე, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, როგორც სახელი ჩემი ღვთისა და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია და მოვყევი სიზმარი მის წინაშე:
9 . ბელტეშაცარ, გრძნეულთა უფროსო! ვიცი, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში და არავითარი საიდუმლო არ არის შენთვის დაფარული. აი, ხილვანი ჩემი სიზმრისა, მე რომ ვნახე. ამიხსენი მისი მნიშვნელობა.
10 . ვნახე ხილვა საკუთარ სარეცელზე. აჰა, ხე დედამიწის შუაგულში - დიდი სიმაღლისა.
11 . გაიზარდა ხე, განმტკიცდა; მისი სიმაღლე ზეცას ასწვდა. დედამიწის ყოველი კიდიდან ჩანდა.
12 . მშვენივრად იყო გაფოთლილი, ნაყოფიც უხვად ესხა, ყველას ყოფნიდა საკვებად. მის ჩრდილში ბინადრობდნენ მინდვრის მხეცები, მის ტოტებში ბუდობდნენ ცის ფრინველნი, მისგან იკვებებოდა ყოველი ხორციელი.
13 . ვხედავდი ხილვებს ჩემს სარეცელზე და აჰა, ჩამოვიდა ზეციდან წმიდა გუშაგი.
14 . დაიძახა მან ხმამაღლა და თქვა: მოსჭერით ხე, შემოაკაფეთ ტოტები, ფოთლები შემოაცალეთ და ნაყოფი განაბნიეთ. განიდევნონ ცხოველები მისი ჩრდილიდან და ფრინველები - მისი ტოტებიდან.
15 . ოღონდ, მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად.
16 . ადამიანის გული წაერთვას და მხეცის გული მიეცეს; შვიდი ჟამი გადაივლის მასზე.
17 . ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.
18 . ეს არის სიზმარი, მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ ვიხილე და შენ, ბელტეშაცარ, ამიხსენი, რადგან ჩემი სამეფოს ბრძენთაგან არავის ძალუძს მისი მნიშვნელობის ახსნა; შენ კი ძალგიძს, იმიტომ, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში”.
19 . მაშინ დანიელი, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, ერთ საათამდე დუმდა და შემცბარი ფიქრობდა. შეაძრწუნა იგი ამ ფიქრებმა. ალაპარაკდა მეფე და უთხრა: "ბელტეშაცარ, სიზმარი და მისი მნიშვნელობა ნუ დაგაფრთხობს!” მიუგო მეფეს ბელტეშაცარმა: "ბატონო ჩემო! შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტერთ მისი ახსნა!
20 . ხე, შენ რომ იხილე, რომელიც გაიზარდა, განმტკიცდა, სიმაღლით ზეცას მიაღწია და დედამიწის კიდეებიდანაც ჩანდა,
21 . მშვენივრად რომ იყო გაფოთლილი, ნაყოფი უხვად ესხა და საკვებად ყველას ჰყოფნიდა, რომლის ჩრდილშიც მინდვრის მხეცები ბინადრობდნენ და ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,
22 . შენა ხარ, მეფევ, რომელიც განდიდდი და განმტკიცდი; გაიზარდა შენი სიდიადე და ზეცას მისწვდა, შენი საბრძანებელი ქვეყნის კიდეებამდე გავრცელდა.
23 . ხოლო მეფემ რომ წმიდა გუშაგი იხილა, ზეციდან ჩამომავალი, რომელიც ამბობდა: "მოსჭერით და აკაფეთ, ოღონდ მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად, ვიდრე შვიდი ჟამი გადაივლიდესო!”
24 . ასეთია მისი ახსნა, მეფევ: ეს უზენაესის განაჩენია, რომელიც მოეწევა ჩემს მეფე-ბატონს:
25 . განდევნილ იქნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან გექნება სამყოფელი, ხარივით ბალახს შეჭამ და ციური ნამით დარწყულდები; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას მისცემს.
26 . ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვების ბრძანება იმას მოასწავებს, რომ დაგიბრუნდება შენი სამეფო, ოღონდ მას შემდეგ, როცა მიხვდები, რომ ზეცა მმართველობს.
27 . ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი - ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.
28 . და ყოველივე მოეწია მეფე ნაბუქოდონოსორს:
29 . თორმეტი თვის შემდეგ, როცა ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობდა,
30 . თქვა მეფემ: "განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?”
31 . ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: "შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!
32 . განიდევნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი სამყოფელი: ხარივით ბალახს შეჭამ; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ არ მიხვდები, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს”.
33 . მყისვე აღსრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე: განიდევნა ადამიანთაგან, ხარივით ბალახს ჭამდა და ციური ნამით რწყულდებოდა მისი სხეული; სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი _ ფრინველის კლანჭებივით.
34 . იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა - თაობიდან თაობებში.
35 . არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!
36 . მაშინ დამიბრუნდა ჩემი გონიერება; და დამიბრუნდა პატივი და პირვანდელი ბრწყინვალება ჩემი სამეფოს სადიდებლად; მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა, განმტკიცდა ჩემი მეუფება და აღმატებული გახდა ჩემი სიდიადე.
37 . ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.