1 . იუდას მეფე იეჰოიაკიმის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე გამოილაშქრა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და ალყა შემოარტყა მას.
2 . ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე, ღვთის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილთან ერთად; წაიღო მეფემ ჭურჭლეული შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა.
3 . უბრძანა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთუხუცესს, რომ მიეგვარა მისთვის ისრაელის ძენი სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან;
4 . უნაკლო, კარგი შესახედაობის და ყოველგვარ სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა შეეძლებოდათ.
5 . და განუწესა მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის რჩეული სუფრიდან და იმ ღვინიდან, თვითონ რომ სვამდა. ბრძანა, სამი წლის განმავლობაში განესწავლათ ისინი და მერე წარედგინათ მეფისთვის.
6 . იყვნენ მათ შორის იუდას ძეთაგან: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
7 . საჭურისთუხუცესმა სახელები შეუცვალა მათ: დანიელს ბელტეშაცარი დაარქვა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი და ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.
8 . გულში ჩაიდო დანიელმა, რომ თავი არ შეებილწა მეფის რჩეული ულუფით და მისი სასმელი ღვინით და ნებართვა სთხოვა საჭურისთუხუცესს, რომ თავი არ შეებილწა.
9 . მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთუხუცესის თვალში.
10 . უთხრა საჭურისთუხუცესმა დანიელს: "მეშინია ჩემი ბატონი მეფის, რომელმაც განაწესა თქვენი საჭმელ-სასმელი. თუ დაინახა, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო გამხდარია, ხომ დავდანაშაულდები მეფის წინაშე”.
11 . უთხრა დანიელმა მეთვალყურეს, საჭურისთუხუცესმა რომ მიუჩინა დანიელს, ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას:
12 . "გთხოვ, ათი დღის განმავლობაში გამოსცადო შენი მსახურნი; საჭმელად ბოსტნეული მოგვცენ და სასმელად - წყალი.
13 . მერე კი შეადარე ჩვენი პირისახე იმ ყმაწვილების პირისახეს, მეფის რჩეული ულუფიდან რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოექეცი შენს მსახურთ”.
14 . უსმინა მათ ნათქვამს და ათ დღეს ამოწმებდა.
15 . ათი დღის თავზე დაინახა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანსაღები იყვნენ, ვიდრე ყმაწვილები, მეფის რჩეულ ულუფას რომ ჭამდნენ.
16 . ამის შემდეგ მეთვალყურეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და დასალევი ღვინო, მხოლოდ ბოსტნეულს აძლევდა.
17 . და მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ყოველი წიგნის შემეცნების ნიჭი, გონიერება და სიბრძნე; დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის განმარტებაც შეეძლო.
18 . ის დღეები რომ ამოიწურა, რაც მათ განსასწავლად დანიშნა მეფემ, საჭურისთუხუცესმა ნაბუქოდონოსორს წარუდგინა ისინი.
19 . ელაპარაკა მათ მეფე და არავინ აღმოჩნდა მათ შორის დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ბადალი; და შეუდგნენ მეფის წინაშე სამსახურს.
20 . ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებაში, რაც მეფემ გამოჰკითხა მათ, აღმოჩნდა, რომ ისინი სამეფოს ყველა მოგვსა და ჯადოქარზე ათჯერ მეტად გონიერნი იყვნენ.
21 . მეფე კიროსის გამეფების პირველ წლამდე იყო იქ დანიელი.
1 . თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.
2 . და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.
3 . უთხრა მათ მეფემ: "სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”.
4 . არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: "მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”.
5 . მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: "მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები.
6 . მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”.
7 . მეორედ მიუგეს და უთხრეს: "უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”.
8 . უპასუხა მათ მეფემ: "დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა.
9 . ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”.
10 . უპასუხეს ქალდეველებმა: "არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან.
11 . რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.
12 . ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.
13 . გამოვიდა ბრძანება, რომ დაეხოცათ ბრძენნი; დანიელსა და მის მეგობრებსაც ეძებდნენ მოსაკლავად.
14 . მაშინ დანიელმა სიბრძნითა და გონიერებით მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, ბაბილონელ ბრძენთა მოსაკლავად რომ გამოვიდა.
15 . მიუგო და ჰკითხა არიოქს, მეფის მსახურთუხუცესს: "რატომ გასცა ასეთი სასტიკი ბრძანება მეფემ?” და აუწყა არიოქმა ეს საქმე დანიელს.
16 . მივიდა დანიელი და სთხოვა მეფეს, დრო მიეცა, რომ სიზმარი აეხსნა მეფისთვის.
17 . დაბრუნდა დანიელი თავის სახლში და აუწყა ეს ამბავი ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას - თავის მეგობრებს,
18 . რომ წყალობა ეთხოვათ ზეციური ღმერთისთვის ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა არ დაღუპულიყვნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის დანარჩენ ბრძენებთან ერთად.
19 . მაშინ გაეხსნა საიდუმლო დანიელს ღამეულ ხილვაში და აკურთხა დანიელმა ზეციური ღმერთი.
20 . და თქვა დანიელმა: "კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება.
21 . ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ - ცოდნას.
22 . აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
23 . გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე”.
24 . მივიდა დანიელი არიოქთან, რომელსაც ბაბილონელ ბრძენთა დახოცვა უბრძანა მეფემ და უთხრა მას: "ნუ დახოცავ ბაბილონელ ბრძენთ, მიმიყვანე მეფის წინაშე და მე გავუცხადებ მეფეს სიზმრის მნიშვნელობას”.
25 . მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.
26 . მიუგო მეფემ დანიელს, რომელსაც იქ ბელტეშაცარს ეძახდნენ: "შეგიძლია მითხრა სიზმარი, რომელიც ვიხილე და მისი მნიშვნელობაც განმიმარტო?”
27 . მიუგო დანიელმა და უპასუხა: "საიდუმლოს გაცხადებას, მეფე რომ ითხოვს, ვერც ბრძენნი შეძლებენ, ვერც გრძნეულნი, ვერც მოგვები და ვერც მკითხავები.
28 . მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:
29 . ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება.
30 . მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
31 . აჰა, დიდი ქანდაკება იხილე სიზმარში, მეფევ; დიდზე დიდი იყო ეს ქანდაკება და საოცრად ელვარე; შენ წინაშე იდგა; საშინელი იყო მისი შესახედაობა.
32 . თავი ამ ქანდაკებისა წმიდა ოქროსი იყო, მკერდი და მკლავები - ვერცხლისა, მუცელი და თეძოები - სპილენძისა,
33 . წვივები - რკინისა, ფეხები - ნაწილი რკინისა და ნაწილი თიხისა.
34 . უყურებდი მას, სანამ ქვა მოსწყდებოდა ხელშეუხებლად, რომელიც მოხვდა ქანდაკებას რკინისა და თიხის ფეხებში და დაამსხვრია.
35 . მაშინ ყველაფერი ერთად დაიმსხვრა: რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ზაფხულის კალოს მტვერივით იქცა და ქარმა წაიღო; კვალიც აღარ დარჩა. ხოლო ქვა, ქანდაკებას რომ მოხვდა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აავსო.
36 . ეს არის სიზმარი და მის მნიშვნელობასაც ვიტყვი მეფის წინაშე:
37 . აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.
38 . ყველა ადგილი, სადაც კი ადამის ძეები, მინდვრის მხეცები და ცის ფრინველები მკვიდრობენ ხელთ მოგცა; შენ დაგაყენა ყოველივეს მბრძანებლად. შენ, შენ ხარ ის ოქროს თავი.
39 . შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს.
40 . მეოთხე სამეფო კი რკინასავით მაგარი იქნება; როგორც რკინა ამსხვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, ისე დააქუცმაცებს ყოველივეს და შემუსრავს;
41 . როგორც იხილე, ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მექოთნის თიხისა ჰქონდა და ნაწილობრივ - რკინისა, ასევე ის სამეფოც დანაწილებული იქნება. რკინის სიმაგრეც ექნება, თუმცა როგორც იხილე, რკინაში მექოთნის თიხაც იყო შერეული.
42 . როგორც ფეხის თითები იყო ნაწილი რკინისა და ნაწილი მექოთნის თიხისა, ასევე იქნება სამეფოც, ნაწილობრივ მაგარი და ნაწილობრივ მყიფე.
43 . ხოლო მექოთნის თიხაში შერეული რკინა რომ იხილე, ისევე შეერევიან ისინი ერთმანეთს ქორწინებით, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა ვერ შეერწყმის თიხას.
44 . იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.
45 . შენი ნანახისამებრ, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა ქვა და დაამსხვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო, ამით დიადმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. უტყუარია სიზმარი და სარწმუნოა მისი განმარტება”.
46 . მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი.
47 . მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: "ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.
48 . და განადიდა მეფემ დანიელი, დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენთუხუცესად დააყენა.
49 . დანიელის თხოვნით მეფემ ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე შადრაქი, მეშექი და ყაბედ-ნეგო დააყენა. თვითონ კი სამეფო კარზე დარჩა.
1 . ოქროს კერპი გააკეთა ნაბუქოდონოსორმა: სიმაღლე სამოცი წყრთა ჰქონდა, სიგანე - ექვსი წყრთა; და დადგა დურას ველზე, ბაბილონის ოლქში.
2 . ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა შეეკრიბათ სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები, მრჩევლები, საგანძურთა მცველები, მსაჯულები, კანონმდებლები და ოლქთა გამგებლები; უნდა მოსულიყვნენ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის მიძღვნაზე.
3 . და შეიკრიბნენ სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები, მრჩევლები, საგანძურთა მცველები, მსაჯულები, კანონმდებლები და ოლქთა გამგებლები, და მოვიდნენ კერპის მიძღვნაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა და დადგნენ კერპის წინ.
4 . მაშინ ხმამაღლა გამოაცხადა მაცნემ: "ხალხნო, ტომებო და ყოველო ენავ! თქვენ გებრძანებათ!
5 . როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხობით და თაყვანს სცემთ იმ ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა!
6 . ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!”
7 . ამიტომ, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმა გაისმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა პირქვე დაემხო და მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცა თაყვანი.
8 . ამ დროს მივიდა ზოგიერთი ქალდეველი და ბრალს სდებდა იუდაელთ.
9 . და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: "უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ!
10 . მეფევ, შენი ბრძანების თანახმად ყოველი კაცი, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, პირქვე უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი.
11 . ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში.
12 . მაგრამ არიან იუდეველნი, შენ რომ განაწესე ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფევ, ეს კაცნი არ დაემორჩილნენ შენს ბრძანებას, არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც შენს მიერ აღმართულ კერპს სცემენ თაყვანს”.
13 . მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა; და მოიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე.
14 . მიუგო და უთხრა მათ ნაბუქოდონოსორმა: "შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მართალია, რომ არც ჩემს ღმერთებს ემსახურებით და არც ჩემ მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცემთ თაყვანს?
15 . ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”
16 . მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: "არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
17 . ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ,
18 . მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”
19 . მაშინ რისხვით აღივსო ნაბუქოდონოსორი; შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ბრძანა, ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ.
20 . უბრძანა თავისი მხედრობის ძლიერ კაცებს, შეებოჭათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.
21 . შებოჭეს ეს კაცები, რომლებიც ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა სამოსით იყვნენ შემოსილნი, და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს.
22 . მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ამიტომ ის კაცები, რომლებმაც შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ჩაყარეს ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა.
23 . ეს სამნი კი - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო - ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაცვივდნენ შებოჭილნი.
24 . მაშინ ფეხზე წამოიჭრა გაოცებული ნაბუქოდონოსორი და თავის მთავრებს უთხრა: "განა სამი შებოჭილი კაცი არ ჩავყარეთ ცეცხლში?” მიუგეს და უთხრეს მეფეს: "ჭეშმარიტად, მეფევ!”
25 . მიუგო მან და თქვა: "შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდიმოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს!”
26 . მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი ცეცხლით გავარვარებული ღუმლის კარს და თქვა: "შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, უზენაესი ღმერთის მსახურებო! გამოდით და აქ მოდით!” და გამოვიდნენ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლის შუაგულიდან.
27 . შემოიკრიბნენ სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები და მრჩევლები მათ გარშემო და ნახეს, რომ ამ კაცებს ტანზე ცეცხლის კვალიც არ ეტყობოდათ, არც თმები შეტრუსოდათ თავზე და არც სამოსელი დასწვიათ; კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ.
28 . მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: "კურთხეულია შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთი, რომელმაც თავისი ანგელოზი მოავლინა და იხსნა თავისი მსახურები, რომლებიც მას მიენდნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და თავიანთი სხეულები გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, არც ერთი ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.
29 . ამიტომ ვბრძანებ, თუ რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან ვინმე აუგს ილაპარაკებს შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა!”
30 . ამის შემდეგ კვლავ აღამაღლა მეფემ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ბაბილონის ქვეყანაში.