1 . რადგან თავადვე იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა ფუჭი არ ყოფილა.
2 . ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გაბედულება მოვიკრიბეთ ჩვენს ღმერთში, რომ გვექადაგა თქვენთვის სახარება, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა.
3 . ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არც საცდური ყოფილა, არც უწმიდურება და არც ცბიერება.
4 . არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ, და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც სცდის ჩვენს გულებს.
5 . რადგან არც პირმოთნე სიტყვებით გვილაპარაკია ოდესმე, როგორც იცით, და არც ანგარებით, ღმერთია მოწმე.
6 . არ ვეძიებთ კაცთაგან დიდებას - არც თქვენგან, არც სხვებისგან, თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები.
7 . მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს.
8 . ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სიცოცხლეც, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
9 . ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.
10 . მოწმენი ხართ თქვენც და ღმერთიც, თუ რა წმიდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, მორწმუნენო.
11 . რადგან იცით, რომ ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მამა - შვილებს;
12 . განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც თავისი სამეფოსა და დიდებისკენ მოგიწოდებთ.
13 . ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა - როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.
14 . რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ - იუდეველთაგან.
15 . რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, რადგან ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან;
16 . წარმართებთან ლაპარაკშიც გვაბრკოლებენ, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ უმატებენ თავიანთ ცოდვებს, და საბოლოოდ მოაღწია კიდეც მათზე რისხვამ.
17 . ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტად ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას დიდი წადილით.
18 . ამისთვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.
19 . რადგან ვინ არის ჩვენი იმედი ან ჩვენი სიხარული ან ჩვენი სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას?
20 . ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.