1კორინთელთა თავი 13

1 . თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.

2 . წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.

3 . მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.

4 . სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,

5 . უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,

6 . არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;

7 . ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.

8 . სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.

9 . რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.

10 . და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.

11 . როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.

12 . რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.

13 . ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.