1პეტრე თავი 4

1 . ვინაიდან ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა, თქვენც განიმსჭვალეთ იმავე აზრით, რადგან, ვინც ხორციელად იტანჯება წყვეტს ცოდვის ჩადენას.

2 . რათა სხეულში ყოფნის დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით.

3 . რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.

4 . ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ ამ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ.

5 . ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, რომელიც მზადაა ცოცხლებიც განიკითხოს და მკვდრებიც.

6 . რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა, ღვთის კვალზე იცოცხლონ სულით.

7 . თუმცა ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში.

8 . უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.

9 . იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.

10 . თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.

11 . თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით; თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა ღმერთი განდიდდეს ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

12 . საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ.

13 . არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.

14 . თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული - ღმერთის სული - ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.

15 . ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.

16 . ხოლო თუ ვინმე იტანჯება როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.

17 . ვინაიდან დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ჰოდა თუ ჯერ ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს?

18 . თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?

19 . ამიტომ, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, ჭეშმარიტ გამჩენს მიანდონ თავიანთი თავები, სიკეთის ქმნით.