ანგია თავი 2

1 . მეშვიდე თვის ოცდამეერთე დღეს ასეთი სიტყვა იყო უფლისაგან, წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით:

2 . ახლა ასე ელაპარაკე ზერუბაბელ შეალთიელის ძეს, იუდას განმგებელს, მღვდელმთავარ იესოს, იეჰოცადაკის ძეს და დანარჩენ ხალხს:

3 . თქვენს შორის ვინ შემორჩა, ვისაც ეს სახლი აქვს ნანახი მისი პირვანდელი დიდებისას? ახლა როგორ გიჩანთ თვალში? განა არარაობა არაა თქვენს თვალში მასთან შედარებით?

4 . ახლა კი განმტკიცდი, ზერუბაბელ - ამბობს უფალი - და გამხნევდი, მღვდელმთავარო იესო, იეჰოცადაკის ძევ; გამაგრდი, ქვეყნის მთელო ხალხო - ამბობს უფალი - იმუშავეთ, რადგან თქვენთან ერთად ვარ - ამბობს ცაბაოთ უფალი.

5 . სიტყვა, რომელიც აღგითქვით ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას - სული ჩემი თქვენს შორისაა დავანებული: ნუ გეშინიათ!

6 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: სულ მალე კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს.

7 . შევძრავ ყველა ერს და მოვლენ ხალხთა მთელი სიმდიდრით და ავავსებ ამ სახლს დიდებით - ამბობს ცაბაოთ უფალი.

8 . ჩემია ოქრო და ჩემია ვერცხლი - ამბობს ცაბაოთ უფალი.

9 . პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ ტაძრის დიდება - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მშვიდობას დავამკვიდრებ ამ ადგილზე - ამბობს ცაბაოთ უფალი.

10 . მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას მიმართ:

11 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, შეეკითხე ახლა მღვდლებს რჯულის შესახებ:

12 . კაცმა რომ წმიდა ხორცი წაიღოს თავისი სამოსლის კალთით და შეეხოს თავისი კალთით პურს ან შეჭამანდს, ღვინოს ან ზეთს და ან სხვა ნებისმიერ საჭმელს, განიწმიდება? უპასუხეს მღვდლებმა და უთხრეს: არა.

13 . ჰკითხა ანგიამ: ბილწი ვინმე რომ შეეხოს ყოველივე ამას, შეიბილწება? უპასუხეს მღვდლებმა და უთხრეს: შეიბილწება.

14 . მაშინ მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ხალხი და ასეთია ეს ერი ჩემს წინაშე - ამბობს უფალი - ასეთია ყოველი მათი ნახელავი, რასაც შესწირავენ, ბილწია.

15 . ამ დღიდან მოყოლებული გულით დაუკვირდით იმას, რაც ადრე ხდებოდა; სანამ ქვა ქვაზე დაიდება უფლის ტაძარში;

16 . იყო დრო, მოდიოდნენ ოცძნიან ზვინთან და ათი იყო, მოდიოდნენ ორმოცდაათ საწყაულიან ქვევრთან ღვინის ამოსახაპად და ოცი ხვდებოდათ.

17 . ხორშაკითა და სეტყვით ვგვემდი თქვენს ყოველ ნაშრომს, მაგრამ არ მოიქეცით ჩემკენ - ამბობს უფალი.

18 . იმ დღიდან მოყოლებული, მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, როცა საძირკველი ჩაეყარა უფლის ტაძარს; გულით დაუკვირდით:

19 . კიდევაა ბეღელში თესლი? დღემდე არ გამოუღია ნაყოფი ვაზს, ლეღვს, ბროწეულსა და ზეთისხილს. ამ დღიდან კი ვაკურთხებ!

20 . თვის ოცდამეოთხე დღეს მეორედაც იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ ნათქვამი:

21 . უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევძრავ ცასა და დედამიწას!

22 . დავამხობ სამეფოთა ტახტებს და მოვსპობ წარმართთა სამეფოების სიმაგრეს! ავაყირავებ ეტლებს და მათზე მსხდომთ და დაემხობიან ცხენები და მხედრები თითოეული თავისი ძმის მახვილით.

23 . იმ დღეს - ამბობს ცაბაოთ უფალი - წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძევ, მსახურო ჩემო - ამბობს უფალი - და დაგადგენ შენ, როგორც ბეჭედს, ვინაიდან შენ ამოგარჩიე - ამბობს უფალი ძალთამპყრობელი!