ნაუმი თავი 3

1 . ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.

2 . შოლტის ცემისა და ბორბლების გრიალის ხმაა; ცხენები ჭიხვინებენ და ეტლები გრიალებენ.

3 . მხედრები მიჰქრიან, მახვილები ელავენ, შუბები ბრწყინავენ; ბევრია განგმირული, გვამების გროვაა! არ დაითვლება ცხედრები, გვამებზე ბრკოლდებიან მეომრები.

4 . ეს მეძავის უზომო მრუშობის გამო ხდება, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, თავისი მრუშობით რომ ჰყიდის ხალხებს და თავისი ჯადოქრობით - ტომებს.

5 . აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - ბოლომდე აგიწევ კალთას, დავანახებ შენს სიშიშვლეს ხალხებს და შენს სირცხვილს - სამეფოებს.

6 . მოგაყრი სიბინძურეს, წაგბილწავ და სასეიროდ გაქცევ.

7 . ვინც დაგინახავს, გაგშორდება და იტყვის: ‘გაძარცულია ნინევე! ვინ იგლოვებს მისთვის? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელნი?’

8 . რითი სჯობიხარ თებეს? ნილოსის მდინარესთან რომ იყო და წყლები რომ ერტყა გარშემო? მისი სიმაგრე ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი.

9 . ქუშის ქვეყანა იყო მისი ძლიერება და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი იყვნენ მის შემწედ.

10 . ისიც განდევნეს, ტყვედ წაიყვანეს, მისი ბავშვები ნაკუწებად აქციეს ყოველი ქუჩის თავში; მის დიდებულებზე წილი ყარეს, წარჩინებულებს ბორკილები დაადეს.

11 . შენც დათვრები და დამალვას მოინდომებ, მტრებისგან თავშესაფარს დაუწყებ ძებნას.

12 . მწიფენაყოფიანი ლეღვის ხესავითაა ყველა შენი ციხე-სიმაგრე, თუ შეარხიე პირში ჩაუცვივდება მჭამელს.

13 . აჰა, დიაცებივით არის შენი ხალხი შენს შორის. ფართოდ გაიღო შენი ქვეყნის კარიბჭენი შენი მტრებისთვის, ცეცხლი ჭამს შენს ურდულებს.

14 . ალყისთვის მოემზადე, წყალი მოიმარაგე და ციხე-სიმაგრენი გაამაგრე; მიდი თიხასთან, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.

15 . იქ შეგჭამს ცეცხლი, დაგცემს მახვილი და განადგურდები, როგორც კალიისგან ნადგურდებიან! გამრავლდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.

16 . ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია მოვაჭრენი, მაგრამ კალიაც კი მიფრინავს, როცა ფრთებს გაშლის.

17 . შენი მოხელეები კალიის ღრუბლებს ჰგვანან, შენი მხედართმთავრები ბოცომკალს, ცივ დღეს ქვის კედლებზე მჯდომს; მზე ამოვა, გაფრინდებიან და ვერ გაიგებ მათ ადგილსამყოფელს.

18 . სძინავთ შენს მწყემსებს, აშურის მეფევ, ისვენებენ შენი დიდებულნი, მთებზე გაიფანტა შენი ხალხი და არავინაა შემკრები;

19 . არ გიშუშდება ჭრილობა, არ არის კურნება შენი წყლულისთვის; ვინც კი მოისმენს შენს ამბავს, ტაშს შემოჰკრავს შენზე, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?