1 . არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და ადამიანთა შორისაა გავრცელებული იგი:
2 . კაცს, რომელსაც ღმერთმა სიმდიდრე, ქონება და პატივი მისცა, არაფერი აკლია მის სულს, ყველაფერი აქვს რაც კი ინატრა - არ აძლევს მას ღმერთი ამ ყველაფრის მოხმარების ძალას და სხვა, უცხო ვინმე შეჭამს მის ქონებას - ამაოებაა ეს და ავი სნეულება.
3 . ასი შვილის მამაც რომ გახდეს კაცი და იცოცხლოს მრავალი წელი, რა მრავალიც არ უნდა იყოს ეს, თუ მისი სული სიკეთით არ გამძღარა და საკადრისი დაკრძალვაც არ ჰღირსებია, ვიტყვი: "დედის მუცელს მოწყვეტილი მასზე ბედნიერია!
4 . რადგან ამაოდ მოდის და სიბნელეში მიდის, იქ დაიფარება სახელი მისი,
5 . თუმცა, არც მზე უნახავს და არც არაფერი გაუგია; ამას მეტი შვება აქვს, ვიდრე იმ კაცს,
6 . ორჯერ ათასი წელიც რომ იცხოვროს და სიკეთე ვერ ნახოს, რა სარგებელია, განა ყველანი მაინც ერთსა და იმავე ადგილზე არ მიდიან?
7 . ადამიანის მთელი შრომა მისი პირისთვისაა, მაგრამ მადას მაინც ვერ იკმაყოფილებს იგი,
8 . ვინაიდან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან რა სარგებელი აქვს ღატაკს, რომელმაც იცის როგორ იაროს ცოცხალთა წინაშე?
9 . თვალით ნანახი სჯობს გულში ნაოცნებარს; ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
10 . რაც კი არსებობს, ყოველივეს ძველთაგანვე დაერქვა სახელი და ცნობილია ვინ არის ადამიანი - თავისზე ძლიერთან დავას ვერ შეძლებს იგი.
11 . სიტყვათა სიმრავლეში ამაოება მრავლდება. მაშ რა სარგებელი აქვს კაცს მათგან?
12 . რადგან ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანისათვის ცხოვრებაში, მისი ამაო ცხოვრების დათვლილ დღეებში, რომლებიც აჩრდილივით გაქრებიან? და ვინ ეტყვის ადამიანს, თუ რა იქნება მის შემდეგ მზისქვეშეთში?