ეზრა თავი 4

1 . გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ გადასახლებულები ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.

2 . მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დღეებიდან მოყოლებული, რომელმაც აქ მოგვიყვანა”.

3 . უთხრეს მათ ზერუბაბელმა, იეშუამ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „რა საქმე გაქვთ ჩვენთან და ჩვენი ღმერთის სახლის შენებასთან?! რადგან ჩვენ თვითონ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსეთის მეფეს”.

4 . ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ.

5 . მრჩევლები დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რომ განზრახვაზე ხელი აეღოთ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის დროს, დარიოსის, სპარსეთის მეფის გამეფებამდე.

6 . ახაშვეროშის მეფობის დროს, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებლებზე.

7 . და ართახშასთას, სპარსეთის მეფის დღეებში, მისწერეს ართახშასთას ბილშამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა. წერილი არამეული ასოებით იყო დაწერილი, არამეულ ენაზე.

8 . რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწიგნობარმა იერუსალიმის წინააღმდეგ მეფე ართახშასთას შემდეგი წერილი მისწერეს:

9 . დაწერეს რეხუმ მმართველმა, შიმშაი მწიგნობარმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა - მსაჯულებმა, აფარსათიქელელებმა, მმართველებმა, ერეხელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა ანუ ყელამელებმა

10 . და დანარჩენმა ხალხმა, რომლებიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა ისინი ქალაქ სამარიაში, მდინარის გაღმა მცხოვრებლებმა და სხვებმა.

11 . ეს არის ასლი იმ წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას, ართახშასთა მეფეს: "შენი მსახურნი, მდინარის გაღმა მცხოვრები კაცები და სხვები.

12 . ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ იუდეველნი, რომლებიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს, კედლები აღმართეს და საძირკვლებს ამაგრებენ.

13 . ახლა ეუწყოს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, მაშინ ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება.

14 . და რაკი სასახლის მარილით ვსაზრდოობთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ გამოვგზავნეთ წერილი და შევატყობინეთ მეფეს.

15 . მოიძიონ შენი მამების მატიანე და შეიტყობ წიგნებში არსებული ჩანაწერების მეშვეობით, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია და საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ოდითგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, ამიტომ დაანგრიეს ეს ქალაქი.

16 . ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ აშენდა ეს ქალაქი და გასრულდა კედლები, მაშინ მდინარის გამოღმა წილი აღარ დაგრჩება!”

17 . პასუხი გამოუგზავნა მეფემ რეხუმ მმართველს და შიმშაი მწიგნობარს და მათ სხვა თანამოაზრეებს, რომლებიც სამარიაში და მდინარის გაღმა მხარეში ცხოვრობდნენ: „მშვიდობა!

18 . ახლა წერილი, რომელიც გამოგზავნეთ, ითარგმნა და წაიკითხეს ჩემს წინაშე,

19 . ბრძანება გავეცი, მოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე უჯანყდებოდა მეფეებს და სულ ამბოხი და არეულობა ხდებოდა იქ;

20 . ძლიერი მეფეები მბრძანებლობდნენ იერუსალიმში და განაგებდნენ მდინარის მთელ გაღმა მხარეს და გადასახადებს, ხარკსა და ბეგარას კრეფდნენ იქ.

21 . ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გაიცემა ბრძანება.

22 . ფრთხილად იყავით, რომ დაუდევრად არ მოიქცეთ ამ საქმეში: რატომ უნდა გამრავლდეს ბოროტება მეფის საზიანოდ?”

23 . როდესაც რეხუმის, შიმშაი მწიგნობარის და მათი თანამზრახველების წინაშე წაიკითხეს მეფე ართახშასთას წერილი, დაუყოვნებლივ წავიდნენ იერუსალიმში იუდეველებთან და ძლიერი მკლავით შეაწყვეტინეს მუშაობა.

24 . მაშინ შეჩერდა ღვთის სახლის მშენებლობა იერუსალიმში და შეჩერდა დარიოსის, სპარსეთის მეფის მეფობის მეორე წლამდე.