1 . ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ძალზე შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი.
2 . უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: "წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვპოვებ”. უთხრა ნაყომიმ: "წადი, ჩემო ასულო!”
3 . წავიდა რუთი და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე აღმოჩნდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
4 . აჰა, მოვიდა ბოყაზიც ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: "უფალი იყოს თქვენთან!” უპასუხეს: "უფალმა გაკურთხოს!”
5 . ჰკითხა ბოყაზმა მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელთ: "ვისია ეს ყმაწვილქალი?”
6 . მიუგო მომკელთა უფროსმა და უთხრა: "მოაბელია ეს ყმაწვილქალი, ნაყომისთან ერთად დაბრუნდა მოაბის ველიდან.
7 . გვთხოვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთო მომკელთა კვალზე. დილიდან მოყოლებული შრომობს, მხოლოდ მცირე ხნით შეისვენა სახლში”.
8 . მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: "მომისმინე, ჩემო ასულო, სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად, ნურსად გადახვალ აქედან, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
9 . აი, ყანა, რომელსაც მკიან; იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებს ვუბრძანე, რომ არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდა, მიდი ჭურჭლებთან, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს და დალიე”.
10 . პირქვე დაემხო რუთი და თაყვანი სცა მიწამდე. უთხრა: "რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხოტომელი შემამჩნიე?”
11 . უთხრა ბოყაზმა: "გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ: როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი, შენი სამშობლო ქვეყანა და მოხვედი ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი აქამდე.
12 . უფალმა მოგაგოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი”.
13 . უპასუხა ქალმა: "მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, რაკი მანუგეშე და გულითადად მელაპარაკე შენს მხევალს, თუმცა შენი მხევლობის ღირსიც კი არა ვარ”.
14 . უთხრა ბოყაზმა ჭამის დროს: "მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ამოაწე ღვინოში”. დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით და მიაწოდა ბოყაზმა მოხალული მარცვალი. ჭამა, დანაყრდა და კიდეც დარჩა შეუჭმელი.
15 . როცა ადგა რუთი ასაკრეფად, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: "ძნებს შორისაც აკრიფოს, არ დააყვედროთ.
16 . კონებიდანაც მოუტოვეთ, აკრიფოს, ნუ დააყვედრებთ”.
17 . საღამომდე კრეფდა რუთი ყანაში, გალეწა ანაკრეფი და ერთ ეფამდე გამოუვიდა ქერის მარცვალი.
18 . აიღო და წავიდა ქალაქში; და ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც დანაყრების შემდეგ დარჩა და მისცა დედამთილს.
19 . უთხრა დედამთილმა: "სად აკრიფე დღეს, სად იმუშავე? კურთხეულ იყოს ის მადლიანი!” უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: "ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი”.
20 . უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: "უფალმა აკურთხოს იგი, რადგან მკვდრებიც შეიწყალა და ცოცხლებიც”. უთხრა ნაყომიმ: "ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი ახლო ნათესავთაგანი”.
21 . თქვა მოაბელმა რუთმა: "ისიც მითხრა, მომკელებთან დარჩი, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიანო”.
22 . უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: "კარგია, ჩემო ასულო, რომ ყანაში მის მსახურ ქალებთან ერთად გახვალ და არავის გადააწყდები სხვის ყანაში!”
23 . და მიეწება რუთი ბოყაზის მსახურ ქალებს, კრეფდა თავთავს, სანამ ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად.