1 . ასე შეჰფიცა უფალს მიცფაში ისრაელმა: "არც ერთი ჩვენგანი არ მისცემს თავის ასულს ცოლად ბენიამინს”.
2 . მოვიდა ხალხი ბეთელში და დასხდნენ იქ საღამომდე უფლის წინაშე; აღიმაღლეს ხმა და მოთქვამდნენ დიდი ტირილით.
3 . ამბობდნენ: "უფალო, ისრაელის ღმერთო, რისთვის მოხდა ეს ისრაელში? ერთი ტომი მოაკლდა დღეს ისრაელს!”
4 . დილაადრიანად ადგა ხალხი მეორე დღეს, ააგეს იქ სამსხვერპლო და აღუვლინეს სრულადდასაწველნი და სამშვიდობო შესაწირები.
5 . ყველა ტომთაგან?” რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ ავიდოდა მიცფაში, უფლის წინაშე.
6 . ნაღვლობდნენ ისრაელის ძეები ბენიამინის, თავისი ძმის გამო და ამბობდნენ: "მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან.
7 . გადარჩენილებს როგორღა მოვექცეთ, ხომ დავიფიცეთ უფლის წინაშე, რომ არ მივათხოვებთ ჩვენს ასულთაგან?”
8 . იკითხეს: "თუ არის ვინმე ისრაელის ტომთაგან, რომელიც არ ამოსულა მიცფაში, უფლის წინაშე?” და აჰა, არავინ მისულა საკრებულოდ გილყადის იაბეშიდან.
9 . და როცა აღირიცხა ხალხი, აღმოჩნდა, რომ არავინ იყო გილყადის იაბეშიდან.
10 . თორმეტი ათასი მამაცი მებრძოლი მიავლინა იქ თემმა და უბრძანა: "წადით და მახვილის პირით შემუსრეთ გილყადის იაბეშის მკვიდრნი, ქალებიცა და ბავშვებიც.
11 . აი, რა უნდა გააკეთოთ: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი დედაკაცი, მოსპეთ”.
12 . გამოარჩიეს გილყადის იაბეშის მაცხოვრებლებში ოთხასი ქალწული, რომლებმაც მამაკაცის სარეცელი არ იცოდნენ და მიიყვანეს შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.
13 . წარგზავნა ისრაელის მთელმა კრებულმა შუამავალი და გამოუცხადეს მშვიდობა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინის ძეებს.
14 . დაბრუნდნენ ბენიამინის ძენი და მიათხოვეს გილყადის იაბეშში ცოცხლად დატოვებული ქალები; მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.
15 . და ნაღვლობდა ხალხი ბენიამინის გამო, რადგან ბზარი გააჩინა უფალმა ისრაელის ტომებში.
16 . თქვეს კრებულის უხუცესებმა: "როგორ მოვიქცეთ გადარჩენილებთან ცოლების თაობაზე? რადგან განადგურდნენ ბენიამინელთა ქალები”.
17 . და თქვეს: "მემკვიდრეობა უნდა მიეცეს გადარჩენილ ბენიამინელებს, რათა არ ამოიძირკვოს ტომი ისრაელისგან,
18 . მაგრამ არ შეგვიძლია მათთვის ჩვენი ასულების მითხოვება, რადგან ფიცი გვაქვს წარმოთქმული ისრაელის ძეებს, რომ წყეულ იყოს ბენიამინისთვის ცოლის მიმცემი”.
19 . თქვეს: "აჰა, უფლის დღესასწაულია ყოველ წელს შილოში, ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემისკენ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონას სამხრეთით”.
20 . და უბრძანეს ბენიამინის ძეებს: "წადით და ჩასაფრდით ვენახებში.
21 . უყურეთ და, აჰა, როცა დაინახავთ, რომ გამოვიდნენ შილოელი ასულები საფერხულოდ, მაშინ გამოდით ვენახებიდან, გაიტაცეთ თითოეულმა საცოლე მათგან და წადით ბენიამინის ქვეყანაში.
22 . და როცა მოვლენ მათი მამები ან ძმები ჩვენთან საჩივლელად, ვეტყვით: ჩვენ გვიწყალობეთ ისინი მათთვის, რადგან ვერ შევძინეთ თოთოეულ კაცს თავის ცოლი გილყადის იაბეშის ბრძოლაში; არც თქვენ მიგიციათ ნებით ისინი, თორემ დამნაშავენი იქნებოდით”.
23 . ასეც მოიქცნენ ბენიამინის ძენი და მოიყვანეს ცოლები, მოფერხულეთაგან რომ გაიტაცეს; წავიდნენ და დაბრუნდნენ თავის სამკვიდრებელში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ იქ.
24 . და წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელის ძენი თავ-თავის ტომსა და საგვარეულოში; იქიდან კი თითოეული თავის სამკვიდრებელში გადავიდა.
25 . მეფე არ ჰყავდა იმ დღეებში ისრაელს და თითოეული იმას აკეთებდა, რასაც თვითონ თვლიდა სამართლიანად.